აქტუალური
„Forsa“: ივანიშვილი – 43%, მერაბიშვილი – 33%

1-forsa-aqtuuu4თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. კვლევითი ცენტრი „Forsa“-ს გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვას – შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 49% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს. კვლევის პრეზენტაცია გუშინ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

კვლევის მიხედვით, იმავე კითხვაზე რესპონდენტთა 43% „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ პასუხობს, გამოკითხულთა 6% „ქრისტიან-დემოკრატებს“ უჭერს მხარს, სხვა პარტიებს კი რესპონდენტთა 2% აძლევს ხმას.

კვლევაში „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ საკითხში ლიდერობს. „Forsa“-ს გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 35%-ის აზრით, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას ყველაზე ეფექტურად კოალიცია „ქართული ოცნება“ შეძლებს, მეორე ადგილზე 34%-ით აქაც „ნაციონალური მოძრაობაა“. 25%-მა შეკითხვაზე პასუხი არ იცის, 5%-ის აზრით კი, ქვეყანაში არსებული პრობლემების ყველაზე ეფექტურად გადაჭრა „ქრისტიან-დემოკრატებს“ შეუძლიათ.

„Forsa“-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, პირდაპირი არჩევნები რომ ტარდებოდეს, პრემიერ-მინისტრად გამოკითხულთა 43% კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა. რეიტინგში მეორეა 33%-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილია, დანარჩენი 24% კი, აცხადებს, რომ ხმას პრემიერმინისტრობის ან არცერთ კანდიდატს არ მისცემდა, ან არა აქვს პასუხი.

ორგანიზაციამ საზოგადოებრივი გამოკითხვა 17 აგვისტოდან 30 აგვისტომდე ჩაატარა. მის ფარგლებში 2008 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით შეირჩნენ. ცდომილება 2,5%-ია.