თბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. დაახლოებით 15 საათისთვის ინციდენტი მოხდა თბილისის დიდუბის №8 ოლქის №1 უბანზე – იქ დარღვეული იყო ლუქის მთლიანობა, კონვერტები არ იყო დაბეჭდილი და დალუქული.
„ნაციონალური მოძრაობა“ ნაძალადევში იმ უბნების ჩასაშლელად ემზადება, სადაც არჩევნებს აგებს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცონალური მოძრაობის“ ნაძალადევის შტაბი და მათი კანდიდატი მერაბ სამადაშვილი ეცდება, ჩაშალოს საღამოს ის უბნები, სადაც არჩევნებს აგებს. ასეთი უბნები, მისდა სამწუხაროდ, ცოტა არ არის. მინდა, გავაფრთხილო ხელისუფლება, არ დაუშვას მსგავსი რამ, რადგან ჩვენთვის ხმების წართმევის უფლებას არავის მივცემთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
მანვე ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია იმ დარღვევების შესახებ, რასაც ნაძალადევის საარჩევნო ოლქში დილიდან ჰქონდა ადგილი. „რამდენიმე უბანი ნაძალადევში დაგვიანებით გაიხსნა, უბნების უმეტესობას არ აქვს საკმარისი რაოდენობის ბიულეტენები, 10-მდე უბანზე უკვე გამოყენებული ბეჭდები იხმარეს. ადგილი ჰქონდა, ასევე, უბნებიდან ბიულეტენების გატანის მცდელობას, რაც აღიკვეთა და, ასევე, ე.წ. კარუსელების დატრიალების მცდელობას“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, 12 საათის მონაცემებით, ნაძალადევში უკვე 32 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. „აქტიურობა არის საკმაოდ მაღალი, რაც ძალიან კარგია. მაქვს ინფორმაცია, რომ აქტიურობენ „ქართული ოცნების“ და ჩემი მხარდამჭერები“, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისათვის: თეა წულუკიანი დადიანის №104-ში მდებარე საარჩევნო შტაბში მორიგ ბრიფინგს 17 საათზე გამართავს.
ნაძალადევის მე-9 საარჩევნო ოლქი თბილისში მოსახლეობის სიდიდით მესამეა. ნაძალადევში ცესკოს მონაცემებით 140 500 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
დაფიქსირებულია დარღვევები ახალქალაქში, სადაც მოსახლეობის მაღალი აქტიურობა შეინიშნება. ასე მაგალითად, №40 ოლქის №1 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა მარკირების პროცესი არ გაიარა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. გარდა ამისა, ახალქალაქის საარჩევნო ოლქების ბევრ საარჩევნო უბანზე შეინიშნება შემთხვევები, როდესაც ხმის მისაცემად კაბინაში ერთდროულად რამდენიმე ამომრჩეველი შედის.
„დაიწერა რამდენიმე ათეული საჩივარი. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც იციან, სადაც უკვე მიიღეს შესაბამისი ზომები“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ. მისი თქმით, ძალიან მძიმე ვითარებაა სოფლებში, სადაც მმართველი პარტიის კოორდინატორები აგიტაციას ეწევიან.
ხულოს №84 საარჩევნო ოლქის №1 საარჩევნო უბანზე აღმოჩენილია 87 ბიულეტენის დანაკლისი, რაც ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა, ხოლო აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონში შეინიშნება მასობრივი აგიტაცია, კაბინაში შესვლის წინ აზერბაიჯანულ ენაზე დროდადრო ისმის სიტყვა „ბეშ“, რაც „ხუთიანს“ ნიშნავს.