პოლიტიკა
ახალი სპიკერის გამოსვლის მთავარი მესიჯები

1-politika-usuf2თბილისი, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, 2012 წლის 21 ოქტომბერს, 13.00 საათზე, ახალარჩეული მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქალაქ ქუთაისში გაიმართა.

ფრაქციების ჩამოყალიბების შემდეგ, უმცირესობამ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით უსუფაშვილი დაასახელა. უსუფაშვილმა არჩევამდე რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა ქართული პარლამენტარიზმის ისტორია და ისაუბრა ახალარჩეული პარლამენტის ამოცანებზე. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, მე-8 მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს მყარი კონსტიტუციური საფუძვლის შექმნა იქნება.

„ბოლოს და ბოლოს, ისეთი კონსტიტუციაა შესაქმნელი, რომელსაც პარლამენტის ორი მესამედი ვეღარ შეცვლის. ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციური დემოკრატია. კანონის უზენაესობის დეფიციტი სათავეს იღებს სწორედ იქიდან, რომ კონსტიტუცია იქნა შეურაცხყოფილი. ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენის სახელმწიფო“, – განმარტა მან.

მისივე შეფასებით, პირველი ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკურ ძალებს შორის ცივილიზებული ფორმის ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ პირველ ოქტომბრამდე ყველაფერი კარგად იყო. „პირველ ოქტომბრამდე საქართველოში მიმდინარეობდა სრულმასშტაბიანი ძალადობა ოპოზიციაზე, თავისუფალ აზრზე, თავისუფალ მედიაზე, ამომრჩევლებზე... ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ საარჩევნო მანიპულაციებსა და პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვას და თუ ეს არ გავაკეთეთ იმით, რომ ითქვას სიმართლე, გამომზიურდა სიმართლე, არა მაინცდამაინც იმისთვის, რომ საქართველოს ციხეები ახლა უფრო კვალიფიციური და დიპლომიანი პირებით აივსოს, ვიდრე დღეს არიან, ეს არ იქნება ჩვენი მიზანი. ჩვენთვის ნულოვანი ტოლერანტობა ნიშნავს არა ყველას ციხეში, არამედ ყველაფერზე სიმართლის თქმას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა.

უსუფაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა საქმის ობიექტურად გამოძიება და შესაბამისი სახელის დარქმევა და სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ყველა საგამოძიებო საქმეზე მონიტორინგის განხორციელება სთხოვა, რადგან „ეს იქნება ერთგვარი გარანტია, რომ არავისი უფლება არ შეილახება“. მისივე განცხადებით, სათანადოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქალბატონ ირინე ენუქიძის ხსოვნის დაფასება. „ჩვენ დიდ ვალში ვართ ქალბატონ ირინე ენუქიძესთან, ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ ქართველთან, დედასთან. სულ მქონდა იმის განცდა, რომ მისთვის რამე უნდა გამეკეთებინა“, – აღნიშნა მან.

(შეგახსნებთ, რომ ირინა ენუქიძე 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანაში მოკლული სანდრო გირგვლიანის დედაა, რომელიც 2007 წლის 24 აგვისტოს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.)

უსუფაშვილის გამოსვლის დროს ცინიკურ ღიმილს ვერ მალავდნენ უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენელი, განსაკუთრებით, ხათუნა გოგორიშვილი, რომელმაც მოგვიანებით დარბაზი დატოვა. მან სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას უმცირესობა, მიუგო, რომ გამოწვევები ელოდება მას, ვისთან ოპოზიციაშიც გოგორიშვილი იქნება.