პოლიტიკა
სააკაშვილი: „ვისურვებდი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია იქ, სადაც მთავრობას უნდა დაეთანხმოს, დაეთანხმოს“...

1-gamartiveba-polii3თბილისი, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების სიმარტივის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მისი მონაცემებით, საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა – მეთორმეტე ადგილიდან ქვეყნის რეიტინგმა მეცხრეზე გადმოინაცვლა. ამ მონაცემებით, საქართველოს მხოლოდ მაღალგანვითარებული ქვეყნები უსწრებენ.

ბიზნესის მართვის სიმარტივის მსოფლიო რეიტინგის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა დუბაიში საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი შედეგი მაღალი ლიგის ყველაზე მაღალი მწვერვალია.

„მსოფლიო ბანკს აქვს თავისი კრიტერიუმები, არის თუ არა ადვილი ბიზნესის კეთება საქართველოში და მსოფლიოში. შევარდნაძის მთავრობის დროს ჩვენ ვიყავით 141-ე ადგილზე. გატარებული რეფორმების შედეგად გასულ წელს ჩვენ უკვე ვიყავით მე-16 ადგილზე. საქართველო იმ რეიტინგით, რომელიც ცხადდება დღეს, არის მეცხრე ადგილზე.  ვიღაც იტყვის, რომ სააკაშვილის მთავრობა ატყუებდა მსოფლიოს და ჩაგვწერეს ამ სიაში, სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ტყუილი. რუსეთს ჩვენზე ათასჯერ მეტი ფული აქვს და ვერ მოხვდა პირველ ათეულში, მიუხედავად მთელი მისი მცდელობებისა და პროპაგანდისტული მანქანისა. ეს არის რეალობა და აღიარა ეს უკვე კოალიციამ, რომ ეს არის დაბალი გადასახადები...  გადასახადების შემცირება წარმოუდგენელია, ამაზე ქვემოთ ვეღარ ჩამოხვალ უბრალოდ და მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო არის ერთ-ერთი ადგილი ადვილი ბიზნესკეთების კუთხით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს არ გააჩნია ნავთობი და გაზი და ქვეყნის ერთადერთი რესურსი არის მეტი ინვესტიციების მოზიდვა, ბიზნესგამარტივება,  პრაქტიკულად კორუფციის არქონა, დანაშაულის მაჩვენებლის ძალიან დაბალი დონის შენარჩუნება, შედეგად კი  ქვეყანა შეძლებს, გააგრძელოს პროგრესი.

„მე ვისურვებდი, რომ საქართველომ გააგრძელოს წარმატება და აღმშენებლობა, მე ვისურვებდი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია იქ, სადაც მთავრობას უნდა დაეთანხმოს, დაეთანხმოს. ვიმედოვნებ, რომ მეცხრე ადგილზე ყოფნა საოცრებაა და მე ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ და არაფერი არ დაინგრეს. დანგრევა ადვილია – შენებაა ძალიან ძნელი და ვისურვებდი, რომ შენება გაგრძელდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.