პოლიტიკა
ნორვეგიის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვია

1-alasa-torshagiთბილისი, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნორვეგიის სახელმწიფო მდივან ერიკ ოურ ტორშაგის ხელმძღვანელობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება,  ნორვეგიის დელეგაცია ეწვია. ნორვეგიის მხარემ შეხვედრები გამართა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. უწყების ხელმძღვანელმა დელეგაციას საქართველოს თავდაცვის სფეროში დაგეგმილი ინიციატივები გააცნო და ყურადღება გაამახვილა შემდეგ პრიორიტეტებზე: ჯარისკაცის უფლებები, სოციალური პირობები და უსაფრთხოების დაცვა; ასევე, აღნიშნა, რომ რეფორმების უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება სამხედრო უწყების სრული დეპოლიტიზაცია და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება. ჯარი გახდება მობილური და მოქნილი სტრუქტურა, ამაღლდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ამასთან, გაგრძელდება ნატოსთან თავსებადობისა და ინტეგრაციის პროცესი. ქართული კონტინგენტი ავღანეთში დარჩება და „ISAF“-ის მისიაში მონაწილეობას გააგრძელებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში 2013 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნორვეგიულ მხარესთან 2010 წლიდან თანამშრომლობს.