პოლიტიკა
რუსეთი ზურაბ აბაშიძის დანიშვნას გამოეხმაურა

1-abaSize-politttika2თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი გუშინ იუწყებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კანცელარიაში გუშინ ახალ თანამდებობაზე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში – ზურაბ აბაშიძე დანიშნა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, აუცილებელია, რუსეთთან ურთიერთობები ისე დალაგდეს, რომ  ნატოსთან ინტეგრაციას ხელი არ შეეშალოს: „ელჩის დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცვლით სტრატეგიას. ამავე დროს, უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ მეგობრული და მეზობლური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან“.

ზურაბ აბაშიძის თქმით, პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატის მიზანი უნდა იყოს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთულესი პრობლემების განხილვა, მათი ეტაპობრივი მოწესრიგება, მხარეებს შორის ნდობის ფაქტორის შექმნა, პერსპექტივაში კი კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება. „ჩვენი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ რუსეთთან პროგნოზირებადი, პრაგმატული და კეთილსინდისიერი ურთიერთობა, რომელიც ორიენტირებული იქნება მომავალზე, სამართლიან გადაწყვეტილებებზე, ასევე, ერთობლივი საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ შესაძლო კოორდინირებულ ქმედებაზე. ამ მიზნების მისაღწევად საქართველომ უნდა გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც შეესაბამება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საქმეებში თავისუფალი არჩევანის პრინციპებს“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნას რუსეთის საგარეო უწყებაში პირველი შეფასებები უკვე მოჰყვა.

„მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – ჩვენ ზურაბ აბაშიძეს კარგად ვიცნობთ, როგორც საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთში, როგორც გამოცდილ ადამიანსა და დიპლომატს. ჩვენ მას უკანასკნელი წლების განმავლობაშიც არაერთხელ შევხვედრივართ“, – აღნიშნა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან საუბარში.

რაც შეეხება უშუალოდ პრემიერს დაქვემდებარებულ აბაშიძეს, როგორც თავად განაცხადა, ის რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენის საკითხზე მუშაობას დღეიდან იწყებს.