პოლიტიკა
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელად გიორგი ვოლსკის ნიშნავენ

1-volskiთბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ახალი მოწვევის პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია შეიქმნება, რომელსაც გიორგი ვოლსკი უხელმძღვანელებს. კომისიის შექმნის საკითხს დღეს პარლამენტის ბიურო სხდომაზე განიხილავენ. თუმცა, თავად ვოლკსის თქმით, მართალია, კომისიის შექმნისა და მისი თავმჯდომარეობის საკითხი განიხილება, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „ყირგიზეთში ვიზიტით ვიმყოფებოდი და საქართველოში გუშინ გვიან დავბრუნდი. შესაბამისად, დეტალურ ინფორმაციას ამ საკითხის თაობაზე არ ვფლობ, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიურო მიიღებს“, – განმარტა ვოლსკიმ.

მისივე შეფასებით, წინა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია „ძირითადად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა და პიარზე გათვლილი ლოზუნგების დეკლარირებით შემოიფარგლებოდა“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში აღნიშნულ კომისიას შოთა მალაშხია ხელმძღვანელობდა.