პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ

1-prezid-politika1თბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და ყველას კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების პატივისცემისკენ მოუწოდა. საქინფორმი პრეზიდენტის მიმართვას ცვლილების გარეშე გთავაზობთ:

„ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, მინდა, განვაცხადო შემდეგი: სულ ახლახან საქართველოში ერთი მთავრობის მეორეთი ჩანაცვლების პროცესი პირველად წარიმართა მშვიდობიანი, კონსტიტუციური, საპარლამენტო გზით.

მე, როგორც კონსტიტუციის  გარანტი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყავი და ვარ ამ პროცესის მონაწილე.

ამ პერიოდის განმავლობაში, ჩემი ყველაზე დიდი სურვილიც და უდიდესი იმედიც იყო და არის ის, რომ ჩვენ შევძლებთ ცივილიზებული დიალოგის ფარგლებში საქართველოს შემდგომ განვითარებას.

თავისთავად, თავისუფალი არჩევნების გამართვა იყო ბოლოდროინდელი მოვლენების ძალიან დიდი მიღწევა.

ამ მიღწევამ გაგვიხსნა ახალი პერსპექტივები ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. ახლა დგება დაპირებების შესრულების დრო – ჩვენი ხალხი ამას ელოდება.

იყო გაცემული ბევრი სოციალური დაპირება, რომელიც შეეხებოდა უფასო ჯანდაცვას, უფასო სწავლას, საპროცენტო განაკვეთებისა და ტარიფების შემცირებას და ბევრ სხვა სფეროს.

ჩვენი ხალხი, ბუნებრივია, ელოდება, რომ ყოველივე ამის განხორციელება უახლოეს პერიოდში  დაიწყება.

ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის დაკვეთა, ჩვენი ხალხის სურვილი არის ის, რომ ყველაფერი მოხდეს ცივილიზებული დიალოგის, საპარლამენტო დებატების, თუნდაც მწვავე დებატების, მაგრამ საპარლამენტო ჩარჩოებში, კანონის უზენაესობის პირობებში, თავისუფალი სასამართლოს პირობებში, თავისუფალი მედიის პირობებში და, ზოგადად, თავისუფლებისა და განვითარების პირობებში.

ამიტომ, ბოლო მოვლენები ჩემთვის არის შეშფოთების წყარო, რადგან დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა, ევროპული ორიენტაცია, საქართველოს განვითარება და წინსვლა.

ეს არ არის ზოგადი კატეგორიები, რომლებიც ეფუძნება კონკრეტულ კრიტერიუმებს.

უპირველეს ყოვლისა, ეს კრიტერიუმები არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების პატივისცემა, ეს არის კანონის უზენაესობის დამკვიდრება ყველა დონეზე და ინსტიტუტების პატივისცემა.

ინსტიტუტების პატივისცემა არის ჩვენი შეიარაღებული ძალების პატივისცემა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს მუდმივად გვესმოდა, როგორ გვადანაშაულებდნენ იმაში, რომ საქართველომ გააჩაღა ომი და საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის რუსეთის აგრესიაში.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს არჩევნების შემდეგაც მოვისმინეთ და ვფიქრობ, ამას არ მიიღებს არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელმაც სიმართლე მშვენივრად იცის.

დღეს დილით ჩვენ მივიღეთ ის, რომ ამ ომის ერთ-ერთი გმირი (არ მინდა, შევეხო ბრალდებას) დააკავეს სხვა პირებთან ერთად ისეთ ვითარებაში, რომელიც არ შეესაბამება არც ოფიცრის ღირსებას, არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას და არც შეიარაღებული ძალების როლს ჩვენს საზოგადოებაში.

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ არის ჩარჩოები, რომელთა ფარგლებშიც ეს კანონი უნდა იყოს დაცული.

ასეთ ინსტიტუტს განეკუთნება, ასევე, თავისუფალი პრესა, თავისუფალი სიტყვა, ჩვენი მასმედია, ჩვენი ტელევიზიები.

სრულიად მიუღებელია ტელევიზიის საქმიანობაში იმ ფორმით ჩარევა, როგორიც პირდაპირ განხორციელდა დღევანდელი დილიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ.

იგივე შეიძლება ითქვას იმ მუქარებზე, რომლებიც ისმის სხვა თავისუფალი მედიის საშუალებების მისამართით.

იცით, რომ ისმოდა მოწოდებები და არის გეგმები კონკრეტული შენობების დანგრევის – ჩვენ არა მხოლოდ არ უნდა დავანგრიოთ აშენებული, არამედ უნდა ავაშენოთ ახალი და უკეთესი.

საკმარისად ინგრეოდა საქართველო ათწლეულების განმავლობაში, რომ ახლა, 9-წლიანი შენების შემდეგ, ნგრევა გავაგრძელოთ.

არ უნდა დავანგრიოთ არსებული ინსტიტუტები – წინა წლების განმავლობაში ისინი, ავად თუ კარგად, ვითარდებოდნენ.

მათი განვითარების მხრივ, ჩვენ ძალიან სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ და დღეს არათუ არ უნდა გადავყაროთ მიღწეული, პირიქით, უფრო მეტად უნდა განვავითაროთ, ახალი ასპექტები დავამატოთ, მეტი თავისუფლება მივცეთ, მეტად ვცეთ პატივი კანონის უზენაესობას, მეტი თავისუფლება მივცეთ სასამართლოს, მეტი თავისუფლება მივცეთ მასმედიას, განვავითაროთ ურთიერთობა პარლამენტსა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის, პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის.

ჩვენ კი არ უნდა შევუტიოთ ამ ინსტიტუტებს,  ჩვენ კი არ უნდა დავემუქროთ ადგილობრივ თვითმმართველობას, პირიქით, უნდა გავაჩინოთ მეტი თვითმმართველობა საქართველოში, რათა ნებისმიერ დროს მთავრობას მოეკითხოს, როგორ ასრულებს ხალხისთვის მიცემულ დანაპირებს და როგორ იქცევა მოქმედი თუ წინა მთავრობა.

ამიტომ ჩვენი ქვეყანა დღეს მნიშვნელოვან გზაგასაყარზე იმყოფება.

ამ მოვლენების ფონზე, თქვენ იცით, რომ ბოლო დღეებში ვაწარმოებდით აქტიურ დიპლომატიას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგალითად, იმისთვის, რომ დეკემბერში ნატოსთან გვქონოდა პროგრესი მინისტრთა შეკრებაზე, რომელზეც ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ გვქონდა რეალური შანსი, მიგვეღწია წარმატებისთვის ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ეს არ არის რომელიმე პარტიის კუთვნილება და ეს საკითხი ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე  ცალკეული პიროვნებები.

შესაძლოა, არ მოგვწონდეს პიროვნებები და, ბუნებრივია, პოლიტიკაში ეს ასეც იქნება; შესაძლოა, არ ვეთანხმდებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ არ შეიძლება, რომ ვეწინააღმდეგებოდეთ საკუთარ ქვეყანას.

ჩვენ არ შეიძლება, რომ რამეს ვაკეთებდეთ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ. ამის გამო, თუნდაც ნატოს მინისტერიალის წინ, რომელიც დეკემბერში გაიმართება. ჩვენ უკვე ვმუშაობდით ახალ მთავრობასთან, რათა ერთობლივი პოზიცია გამოგვეხატა, ერთად წავსულიყავით ამ მინისტერიალზე, ერთად გვესაუბრა იმაზე, რომ არა მხოლოდ ცალკე აღებულ მთავრობას ან პრეზიდენტს, არამედ ქართველ ხალხს სურს ნატოში შემდგომი ინტეგრაცია.

რა თქმა უნდა, დღევანდელი მოვლენები ნამდვილად არ გვეხმარება ყოველივე ამაში და სერიოზულ დაბრკოლებებსაც შექმნის – ეს არ შეიძლება, რომ მიხაროდეს. ამიტომ, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა დავდგეთ ყოველგვარი შურისძიების, ბოღმის, სიმწრის, პიროვნული მიღება-არმიღების მიღმა და შევძლოთ ერთმანეთთან ადამიანური ლაპარაკი.

დაე, ნუ დავეთანხმდებით ერთმანეთს, მაგრამ არ შეიძლება, რომ უთანხმოების დროს  დავანგრიოთ მთავარი, რაც უკვე შექმნილია.

იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ.

ამისთვის, მინდა, მოვუწოდო ყველას – პარლამენტის უმრავლესობასაც და უმცირესობასაც – ორივე დიდ პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს ახალ მთავრობას, საქართველოს პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილეს, აღვივსოთ პასუხისმგებლობით, გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ხალხის ბედს და უახლოეს პერიოდში გრძელვადიან პერსპექტივებს შეეხება.

აქედან გამომდინარე, თითოეული ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, კარგად გავიაზრებთ და ავწონ-დავწონით.

არ გავაკეთოთ რაიმე ისეთი, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი შვილების მომავალს.

მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და მზად ვარ, ვითანამშრომლო და ვისაუბრო ყველასთან, ვისაც აქვს დიალოგის და ჩვენი ქვეყნის წინსვლის სურვილი“.