პოლიტიკა
ქართველი ჯარისკაცები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

1-dabrunebaთბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი, რომელმაც ავღანეთში „ISAF“-ის მისია დაასრულა, წუხელ ღამით სამშობლოში დაბრუნდა. ბატალიონის ბოლო ნაკადს 246 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია,  გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დახვდნენ და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

23-ე ბატალიონმა, რომელსაც ვიცე-პოლკოვნიკი რომან ჯანჯულია მეთაურობდა, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მისია დანაკარგების გარეშე დაასრულა. ქართველი სამხედროების ამოცანა ჰელმანდის პროვინციაში მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იყო.