სამართალი
გიორგი კალანდაძეს აღარ დააპატიმრებენ

1-kalanda-samaraaaa1საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს, გენერალ გიორგი კალანდაძეს აღარ დააპატიმრებენ. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10.000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლე ბადრი შონიამ ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ უმთავრეს არგუმენტად კალანდაძის ადვოკატის მიერ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის,  გენერალ ვახტანგ კაპანაძის დახასიათება წარუდგინა, სადაც იგი კალანდაძეს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ წინამორბედის დანაშაულებრივ ქმედებებზე ინფორმაციას არ ფლობს.

თავის მხრივ, კალანდაძემ გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობა დადო.

ამავე დროს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბაჩო ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შონიას განმარტებით, ახალაიას ბრალი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს ითვალისწინებს, რაც 16 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო კალანდაძის ბრალი ნაკლებად მძიმე ხასიათისაა. გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს ბრალი წარედგინა უფლებამოსილების გადამეტების, ხოლო შს ყოფილ მინისტრ ახალაიას – წამების მუხლით.

ახალაიას ადვოკატ დავით დეკანოიძის თქმით, სავარაუდოდ, ამ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.