სამართალი
დაკავებულია კუდ-ისა და სოდ-ის მაღალჩინოსნები

1-dakaveba--samarTaaa1საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. 17-საათიანი დაკითხვის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ კუდ-ისა და სოდ-ის მაღალჩინოსნების დაკავების გადაწყვეტილება მიიღო – ხუთ დაკავებულ სამართალდამცველს შორის არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის უფროსი ლევან ქარდავა და ამავე უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გიორგი ყავლაშვილი. ქარდავას 143-ე და 333-ე მუხლების (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და უფლებამოსილების გადამეტება) დარღვევაში ედება ბრალი. ადვოკატების ინფორმაციით, საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესო სურმავას უკანონო დაკავების ფაქტზე. გიორგი ყავლაშვილს კი არჩევნების წინაპერიოდში ტერმინალზე „ქართუ ჯგუფის“კუთვნილი ქონების დაზიანებაში ადანაშულებენ, ბრალდებაში ფიგურირებს უფლებამოსილების გადაჭარბებაც. დაკითხვის პროცესს, რომელიც დილის 6 საათამდე გაგრძელდა, შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი დაესწრნენ.

დაკითხვის შემდეგ სამართალდამცველები დიღომში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს – არ არის გამორიცხული, მათ ბრალი ოფიციალურად დღესვე წაუყენონ.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პოლიციის მაღალჩინოსნების დაკითხვა ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის დაკავების ეპიზოდებს არ უკავშირდება.

მინისტრმა დაადასტურა, რომ მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაბარებული კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტების ათამდე თანამშრომელი იმყოფებოდა.

წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთ საქმეში ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანაშაულებრივი როლიც გამოიკვეთოს. უშულოად პატიმრობაში მყოფ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან დაკავშირებით კი წულუკიანი ბრალის კიდევ უფრო დამძიმებას ვარაუდობს.