სამართალი
გირგვლიანის საქმეში დათა ახალაიას მიმართ გამოძიების ინტერესი გამოიკვეთა

1-daTa-samarTa2საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, დათა ახალაიასადმი პროკურატურის ინტერესი სწორედ გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობას უკავშირდება. თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე იგი თავს იკავებს. წულუკიანი ამბობს, რომ კონკრეტულ დეტალებზე საუბრის საშუალება მას თვის ბოლოს უკვე ექნება.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება წლინახევრის წინ გამოიტანა. გირგვლიანის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. იუსტიციის მინისტრი ხვალ სტრასბურგში მიემგზავრება, თუმცა ვიზიტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სუფრასთან იმყოფებოდა დათა ახალაია, რის გამოც აქვს საფუძვლიანი ეჭვი და გამოძიებასაც გამოეკვეთა ინტერესი. მისი თქმით, „ამ საქმესთან დათა ახალაიას შემხებლობის დასადასტურებლად აბსოლუტურად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს“.

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ დათა ახალაიას ამ ეტაპზე ბრალი წაყენებული არ აქვს. „როდესაც იქნება ბრალდების ფაბულა, შესაბამისად, ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიციაც. მე მოვისმინე იუსტიციის მინისტრის კომენტარი დათა ახალაიასთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე მხოლოდ შემიძლია გამოვთქვა იმედი, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და არა მხოლოდ გამამტყუნებელი მიმართულებით“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.