სამართალი
მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ ავტოტექდათვალიერების კორუფციულ ბუდეს პარლამენტი არ აღადგენს

samartali-1საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ვანო მერაბიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ახალი მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს ჯერ კიდევ 2004 წელს გაუქმებულ მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენას.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2004 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, სავალდებულო ტექდათვალიერება გადავადებულ იქნა 2013 წლის 1 იანვრამდე და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ამ ვადას არ გაახანგრძლივებს, ქართველ მძღოლებს მოუწევთ საკუთარი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ჩატარება.

2004 წელს, როდესაც ტექდათვალიერების გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, აღნიშნული ცვლილების ოპონენტთა მთავარი არგუმენტი იყო, რომ ტექდათვალიერების გაუქმება გაზრდიდა ავტოსაგზაო შემთხვევათა და შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობას. მას შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა თითქმის გასამმაგდა და 2011 წლის მონაცემებით, 750 ათასი შეადგინა. მიუხედავად ავტომობილების რაოდენობის მკვეთრი ზრდისა, უკანაკნელი 4 წლის განმავლობაში, 2011 წელს 2008 წელთან შედარებით, ჩვენ ვხედავთ ავტოსაგზაო შემთხვევების (26%-ით), შემთხვევების შედეგად დაშავებულების (27%-ით) და გარდაცვლილების (29%-ით) შემცირებას. აღნიშნული ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, რომ ტექდათვალიერების მომხრეთა არგუმენტები საფუძველს არის მოკლებული.

რაც ყველაზე მთავარია, სავალდებულო ტექდათვალირების შემოღება მძიმედ ტვირთად დააწვება, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთათვისაც ავტომობილი, ხშირ შემთხვევაში, არსებობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც 2004 წელს მოხდა სავალდებულო ტექდათვალიერების გაუქმება ეს პროცედურა და მასში მონაწილე კომპანიები თუ სახელმწიფო ორგანოები წარმოადგენდნენ კორუფციის ბუდეს, რისი დაბრუნებაც დღევანდელ საქართველოში დაუშვებელია“, – მიაჩნია მერაბიშვილს.

ვანო მერაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა „უარს იტყვის აღნიშნულ უგუნურ გადაწყვეტილებაზე და არ დააბრუნებს საქართველოში შევარდნაძის დროინდელ კორუფციის ბუდეს და არ გაურთულებს ცხოვრებას ქართველ მძღოლებს“.