პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: „ავღანეთში ჩვენი ამოცანები არ იქნება სამხედრო-საბრძოლო...“

alasaniaaსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ტენ ბრუკი მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებსა და თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებს. მხარეებმა 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდში ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისთვის დახმარების საკითხები განიხილეს.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქართული ქვედანაყოფები ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

მისი თქმით, ეს იქნება ISAF-ის მისიის სახეცვლილება  – ანუ „ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალები მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ავღანელი კოლეგების ტრენინგში, განათლებასა და სამხედრო გამოცდილების გაზიარებაში, რომლებიც დაგვიგროვდა ბოლო წლების განმავლობაში“.

ალასანიას განცხადებით, ამ ეტაპზე სტრუქტურა ნატოსთან ერთად მონაწილეობს დაგეგმარების პროცესში, თუ თვითონ ნატოს როგორი მისია ჩამოყალიბდება, და ინდივიდუალური ქვეყნები – აშშ, ინგლისი და სხვები – როგორ გააგრძელებენ საკუთარ პროგრამას ავღანეთთან. „ამის მიხედვით ჩვენ ჩამოვაყალიბებთ უკვე ჩვენს სტრატეგიას – რა ფორმით, ვისთან ერთად დავეხმარებით ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გაწვრთნაში, – აღნიშნა ალასანიამ და დასძინა, – მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანები არ იქნება სამხედრო-საბრძოლო, ჩვენი ამოცანები იქნება, დავეხმაროთ ავღანეთის უსაფრთხოების სტრუქტურებსა და ჯარს,  ჩვენ მიერ დაგროვილი გამოცდილება გავუზიაროთ და, ასევე, მივცეთ ჩვენს თავდაცვის აკადემიაში განათლების მიღების შესაძლებლობა“.