პოლიტიკა
საქართველოს დიდი მშვიდობის მომხრე, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი

1-prime-ministerსაქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ პირველად ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი მტერს – რუსეთს, დაელაპარაკა. ამის შესახებ გამოცემა The Daily Best-ში ჟურნალისტი ანა ნემცოვა წერს. ბიძინა ივანიშვილი მედვედევს დავოსში მიღებაზე შეხვდა, მათ რამდენიმე წუთი ისაუბრეს, თუმცა, რაზე, უცნობია. ექსპერტები კი მყისვე ალაპარაკდნენ, რომ საქართველო რუსეთის ბანაკისკენ მიმავალ გზას დაადგა, – იტყობინება გამოცემა. „არავითარ შემთხვევაში, მე მუდამ საქართველოს ბანაკში ვრჩები“, – განაცხადა პრემიერმა ამის პასუხად გამოცემასთან ინტერვიუში.

„საქართველოს ახალი ლიდერი ცნობილია თავისი გულჩათხრობილობით, არაპროგნოზირებადი განცხადებებითა და უჩვეულო გადაწყვეტილებებით. მაგალითად, იგი უფასოდ ურიგებდა მანქანებს თავისი მშობლიური სოფლის მკვიდრებს და 10 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა ყოველწლიურ საქველმოქმედო აქციებზე“, – წერს ანა ნემცოვა. „ახლა ქართველების 80 პროცენტი აცხადებს, რომ მათ მოსწონთ მილიარდერი და ქვეყნის მოსახლეობის 55 პროცენტმა ხმა მისცა მის პარტიას, ამასთან, საქართველო მართვის საპარლამენტო სისტემაზე გადავიდა, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელშია“, – აღნიშნავს The Daily Best.

ივანიშვილის მიერ გამოცხადებული სტრატეგიული პრიორიტეტები უწინდებურად ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება, ასევე, რუსეთთან მშვიდობის დამყარებაა, – იტყობინება აღნიშნული გამოცემა.

„ორი წამყვანი ქართველი პოლიტიკოსი ამჟამად კონფლიქტშია. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტსა და მის უახლოეს გარემოცვას იმაში ადანაშაულებს, რომ მათ ხაზინიდან მილიონობით დოლარი მოიპარეს და თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ციხეში გაამწესეს. ამავე დროს, სააკაშვილმა ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ივანიშვილის მთავრობა „სელექციურ მართლმსაჯულებაში“ დაადანაშაულა“, – წერს ანა ნემცოვა ხსენებულ სტატიაში.

„სკეპტიკოსები ირწმუნებიან, რომ პუტინთან გარგების გარეშე ივანიშვილი თავის პოლიტიკაში პროგრესს ვერ მიაღწევს და რომ მისი ეკონომიკური გეგმის მთავარი პუნქტი გასაღების ბაზრის არარსებობის გამო ვერ განხორციელდება“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.

ივანიშვილი აღიარებს, რომ ბევრმა ჰკითხა, თუ როგორ წარმოუდგენია ერთდროულად ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება და კრემლთან მეგობრობის შენარჩუნება. „მე მესმის, რომ რუსეთს არ უყვარს ნატო... თუმცა, ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ მისთვის ჩვენი ინტერესების ახსნას“, – მოჰყავს გამოცემას საქართველოს პრემიერის სიტყვები, რომლებიც მან დავოსში მოსკოვის წარმომადგენლებთან პირველ შეხვედრამდე წარმოთქვა.