პოლიტიკა
ალასანია ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება

1-alasaniaa-politikaa1საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. მინისტრთან ერთად ბრიტანეთში გაემგზავრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელ სერ მალკოლმ რიფკინთან და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს არბუტნოტთან. შეხვედრებზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გავაცანით ჩვენი გეგმები შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისა და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ. ზოგადად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამდენად სტაბილურად ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ, თუ რამდენად გრძელვადიანი გეგმები გვაქვს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ ავღანეთში ჩვენს თანამონაწილეობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ მხარდაჭერით, რომელიც ჩვენ გვაქვს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე ნატოში ინტეგრაციის კუთხით, განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრების შემდეგ.

დღეს დაგეგმილია შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ქართული დელეგაციის წევრები საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრ ენდრიუ მურისონს, უსაფრთხოების სექტორის განვითარების მრჩეველთა ჯგუფის უფროსის მოადგილე დევიდ კლარკს და საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორ სტივ მაკარტის შეხვდებიან. საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ჩეთემ ჰაუზში“ დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში.

გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტი ხვალ დასრულდება.