პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის ინტერვიუ რადიოსადგურ BBC-თან

1-BBC-politika1საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რადიოსადგურ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან ახალ ომს არ დაიწყებს. BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ალასანიამ რუსეთისადმი საქართველოს პოზიციის, საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის პოსტზე მისი სავარაუდო კანდიდატურის შესახებ ისაუბრა.

აღნიშნულ ინტერვიუს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს:
BBC: ჩვენ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ვისაუბრებთ, რომელიც თქვენი თქმით შესაძლოა და უნდა გაუმჯობესდეს. თუ შეიძლება გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება რუსეთსა და აშშ-ის შორის „ცივი ომის“ შესახებ?

ირაკლი ალასანია: მე ამას ვერ დავარქმევდი ცივ ომს. მაგრამ, ჩემი ქვეყნის პოზიციიდან, თუ აშშ-სა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობა და მეტი კომუნიკაცია იქნება, ეს ყველასთვის უკეთეს შედეგს მოიტანს. სწორედ ამიტომ, მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ამ ორი ზესახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ყოველთვის მხარს ვუჭერდი ობამას ადმინისტრაციის ინიციატივას მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე ეტაპიდან. ამ ურთიერთობაში იყო კარგი და დაძაბული პერიოდებიც, თუმცა, ზოგადად, მათ შორის ურთიერთობა სწორი მიმართულებით მიდის.

BBC: აშშ-ის პოზიციიდან, აშშ-ის კონგრესის პოზიციიდან გამომდინარე, რუსეთში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. ამის მაგალითია, მაგნიტსკის აქტი. ასევე, სხვა მაგალითებიც შეგვიძლია მოვიყვანოთ. თქვენ ახლა ფართო საზოგადოების წინაშე საუბრობთ. გაუზიარეთ მათ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით...

ირაკლი ალასანია: მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ და ჩემი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული. რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება რუსეთში, როგორ ვითარდება ქვეყანა. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ. ჩვენ, ახალი მთავრობა, რომელიც საქართველოში სამართლიანი არჩევნების გზით 1 ოქტომბერს მოვიდა, ვფიქრობთ, რომ მეტად პრაგმატული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ რუსეთთან. დიახ, ჩემი სამშობლოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ გამალებით ვმუშაობთ, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრდეს და  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ძალღონეს არ იშურებს, რათა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა დაამყაროს. ჩვენ ახლა მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზე. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ეს კარგი იქნება ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის ძალიან რთული ურთიერობაა და რუსეთში არღვევენ ადამიანის უფლებებს. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა, მისი სუვერენული ნაწილი აქვს ოკუპირებული და ეს პოლიტიკურად ძალიან სენსიტიური საკითხია.

BBC: რას ნიშნავს პრაგმატულობა? თქვენ პირადი ტრაგედია გაკავშირებთ აფხაზეთთან. მამათქვენი ხომ აფხაზეთში დაიღუპა?

ირაკლი ალასანია: დიახ, მამაჩემი აფხაზეთში მოკლეს 1993 წელს.

BBC: ნიშნავს პრაგმატულობა – უარი თქვათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რომელიც ასევე ოკუპირებული რეგიონია საქართველოში?

ირაკლი ალასანია: რა თქმა უნდა, არა. პირველ რიგში, პრაგმატულობა ნიშნავს, დავანახვოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომ საქართველოს სურს, ხელახლა წარმოაჩინოს საკუთარი თავი მათთან ურთიერთობაში. უნდა გავაგებინოთ, რომ ევროპულ დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩვენ ერთად უფრო უკეთესად ვიქნებით, ვიდრე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. ამიტომ გვჭირდება ჩვენ სივრცე ნდობის აღდგენისთვის და რუსეთთან უფრო პრაგმატული ურთიერთობის დამყარება. პრაგმატულობა ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას და სამხედრო რიტორიკის შემცირებას, რაც წინა ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი იყო. დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ არ მივცემთ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების არავითარ საბაბს. ეს არის პრაგმატული პოზიცია. ამ ახალ მიდგომას დრო გამოცდის. მაგრამ, ვფიქრობ, სხვა ალტერნატივა არ არსებობს, რადგან თუ არ ესაუბრები მათ, ზრდი ესკალაციის საფრთხეს რუსეთის ფედერაციის არმიასთან. როგორც თავდაცვის მინისტრს, არ მინდა, რომ რუსეთთან სამხედრო ესკალაციის საშიშროება არსებობდეს. მე მინდა, მყავდეს არმია, რომელიც შეძლებს პრობლემის წინასწარ აღკვეთას და არა ის ჯარი, რომელიც პრობლემებს ძალის გამოყენებით გადაწყვეტს. ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამ პრობლემების მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე. გვინდა, ეს პრობლემა მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს.

BBC: რა მდგომარეობაა ამჟამად საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე?

ირაკლი ალასანია: ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენს ადმინისტრაციულ საზღვარს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკონტროლებს. მადლიერები ვართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს მანდატი კიდევ გაგრძელდება. ეს ერთადერთი შემაჩერებელი ფაქტორია, რომელიც ამ მომენტისთვის გვაქვს. ძალიან გვაღელვებს ის ფაქტი, რომ რუსები ევროკავშირის დამკვირვებლებს საზღვრის მეორე მხარეს არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის მანდატი აქვთ. ასევე ვიმედოვნებთ, რომ დაძაბულობის შემცირებით, რუსეთსა და საქართველოს შორის რიტორიკის შეცვლით და რუსეთთან ვაჭრობის დაწყებით ჩვენ შევძლებთ მათთან ურთიერთობის დაწყებას. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე რუსეთში ცხოვრობს და ჩვენ გვაღელვებს მათი ბედი. ჩემი აზრით, მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგების უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება. ისტორიულად ჩვენს ქვეყნებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა, ეს ყოველთვის იყო სიყვარულისა და სიძულვილის ურთიერთობა. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ბირთვული იარაღის მფლობელია და ამას უნდა შევეგუოთ.

BBC: და კიდევ ერთი საკითხი, რაც ამ კონფლიქტების უკან იდგა, იყო რუსეთის შიში, რომ საქართველოს სურდა ნატოში გაწევრება და პრეზიდენტი სააკაშილი ყოველთვის ღიად აცხადებდა ამის შესახებ...
ირაკლი ალასანია: რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სურვილიც არის. საქართველოს ახალმა მთავრობამ დამატებითი ბატალიონი გააგზავნა ავღანეთში არჩევნების შემდეგ.

BBC: ნიშნავს თუ არა პრაგმატიზმი ამ ამბიციაზე უარის თქმას?

ირაკლი ალასანია: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი გზა ევროატლანტიკური გაერთიანებისკენ მიდის, ჩვენ გვინდა მისი წევრობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ბრძოლას ვაპირებთ, რომ არ შეგვიძლია მათთან სამუშაო ურთიერთობების დამყარება. რუსეთი ბალტიის ქვეყნების ნატოში გაწევრებასაც ეწინააღმდეგობოდა, თუმცა, მათ მაინც მოახერხეს ნატოში გაერთიანება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ განვახორციელებთ ჩვენს საგარეო პოლიტიკას და მივაღწევთ დასახულ მიზნებს, თუმცა, ამავე დროს, პრაგმატულები ვიქნებით რუსეთთან.