პოლიტიკა
ჰოკმარკი: „საქართველოს რეგრესი შესაძლოა, მალე აისახოს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკაზე“

1-Ciora-poliitika3საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. ევროპარლამენტის „ევროპის ხალხთა პარტიის“ჯგუფის (EPP) ვიცე-თავმჯდომარის, შვედი ევროპარლამენტარის უნ ჰოკმარკის განცხადებით, „საქართველო რომ ევროკავშირს მიუახლოვდეს, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ ღია და დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნები შეასრულოს, სადაც მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთს პატივს სცემენ“.
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის აუცილებლობაზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ლისეკმა. მისი განცხადებით, შეუძლებელია ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, თუ თქვენ არ იზიარებთ ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს. ეს პრინციპები კი არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას და უმრავლესობას, ითანამშრომლონ უმცირესობასა და საქართველოს პრეზიდენტთან.

გუშინ გიუნერ ჰოკმარკმა 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების დროს დაზარალებული ჩიორა თაქთაქიშვილიც მოინახულა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკურ პროცესებს თან ახლავს მსგავსი ინციდენტები.

გუშინვე ევროპის ხალხთა პარტიის ჯგუფის (EPP) ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ჰოკმარკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მათ მიერ დანახული ვითარება ქართული დემოკრატიის ძალიან სერიოზული რეგრესი და უკანდახევაა. პრეზიდენტ სააკაშვილისთვის პარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის აკრძალვა და მისთვის სასახლეში დარჩენის ბრძანება, ისევე, როგორც ოპოზიციის წევრებზე ძალადობა, მკაცრად უნდა დავგმოთ. შეძრწუნებული ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ ჩემი კოლეგა, ევროპული კომიტეტის ყოფილი თანათავმჯდომარე პოლიტიკურ, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის საკითხებში ჩიორა თაქთაქიშვილი დაშავდა ქართული ოცნების აქტივისტის მხრიდან ძალადობის შედეგად“.
„საქართველოს რეგრესი გასული წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შესაძლოა, მალე აისახოს მომავალში აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკაზე, – აცხადებს ჰოკმარკი და დასძენს, – აუცილებელია იმის გაანალიზება, რომ კოაბიტაცია და თანამშრომლობა პოლიტიკურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დემოკრატიული სტანდარტია, რომელიც არ უნდა გაწყდეს“.