საზოგადოება
საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ქართული სამშვიდობო ოცეული ავღანეთში „ვორჰაუზის“ ბაზის უსაფრთხოებას დაიცავს. რეგიონული სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე ბაზაზე ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-2 ოცეულს ქაბულში ამავე ბატალიონის მე-3 ოცეული ჩაენაცვლა. როტაციის პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში შეასრულებენ. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ოცეულმა უკვე გადაიბარა ფუნქცია-მოვალეობები. ოცეულმა სამშვიდობო ოპერაციის მოსამზადებელი წვრთნები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ნატოს სტანდარტების სრული დაცვით გაიარა. ISAF-თვის მომზადების პროგრამის ფარგლებში მათ პატრულირება, ჩხრეკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, ჩეკპოინტების მოწყობა და მოქმედების წესები შეისწავლეს.