აქტუალური
ლადო ვარძელაშვილი დააკავეს

1-varZelaSviliსაქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ნუცუბიძის ქ.№ 26-ში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვის შემდეგ დააკავეს.

ასევე, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელმაც დევი სირაძის მიმართულებით გასროლა მოახდინა. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა, ლადო ვარძელაშვილს ეკუთვნოდა და იგი მას უკანონო მფლობელობაში 3 წლის განმავლობაში ჰქონდა.

ამ წუთებში თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება ლადო ვარძელაშვილის ადვოკატი გოგიტა გაბაიძეც.

როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, წუხელ თბილისში, ნუცუბიძის №26 ნომერში, მკვლელობა მოხდა. მოკლულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამინისტროს თანამშრომელი, 45 წლის დევი სირაძე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, სირაძე შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. მკვლელობა, დაახლოებით, ღამის 2 საათზე მოხდა. მკვლელობის მიზეზები და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს კრიმინალური პოლიცია იძიებს.