აქტუალური
ვახო სანაია: „გაირკვეს სიმართლე, რა მოხდა 2001 წლის 26 ივლისს“

1-sanaia-aqtuaa3საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ჟურნალისტ გიორგი სანაიას ძმის, ტელეკომპანია „იმედის“ „ღია ეთერის“ წამყვან ვახო სანაიას განცხადებით, ოჯახი ჟურნალისტის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

გუშინ გიორგი სანაიას დაბადების დღესთან დაკავშირებით მის საფლავზე შეიკრიბნენ ოჯახის წევრები და კოლეგები. ვახო სანაიას განცხადებით, 2004 წელს გამოტანილ განაჩენში ბევრი საეჭვო დეტალია. მაშინდელ განაჩენში „მოსამართლემ გააკეთა ძალიან საინტერესო ჩანაწერი, რომ ეს განაჩენი პროკურატურას ხელს არ უშლის, გააგრძელოს საქმეზე ახალი გარემოებების, ახალი მტკიცებულებების და ახალი თანამონაწილე ადამიანების გამოვლენა. ეს არ გაკეთდა 11 წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ ახლა მივმართავთ პროკურატურას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, მოხდეს ამ საქმის გამოძიება, რომ გამოვლინდნენ ამ პოლიტიკური მკვლელობის შემკვეთები, – აცხადებს ვახო სანაია და იმედოვნებს, რომ ახლა მაინც დასრულდება ეს საქმე სათანადოდ – გამოვლინდეს ამ საქმეში ყველა მონაწილე, შემკვეთები, შემსრულებლები, დამხმარეები და ა.შ., რომ გაირკვეს სიმართლე, რა მოხდა 2001 წლის 26 ივლისს“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: გიორგი სანაია 2001 წლის ივლისში მოკლეს. ცხედარი ჟურნალისტის სახლში იპოვეს. გამოძიებამ მკვლელობა პირად მოტივებს დაუკავშირა და გრიგოლ ხურცილავა დააკავა, რომელიც სასჯელს იხდის. ახლობლები გამოძიების ოფიციალურ  ვერსიას არ იზიარებენ. გიორგი სანაია გუშინ  38 წლის გახდებოდა.