საქართველო. 26 თებერვალი, საქინფორმი. 1 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გენადი კარასინი ჟენევის ნაცვლად პრაღაში „ივახშმებენ“ და „ნაცმოძრაობა“ ვეღარ აუგორებს ფიარს ახალ ხელისუფლებას, რათა „ბრალი“ დასდოს ჟენევის ფორმატის დუბლირებაში (ამ ფორმატის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი და აუცილებელია)!.. ერთია მხოლოდ, რომ ტემპი, დინამიკა ამ ორმხრივი დიალოგისა არ არის და ვერც იქნება სწრაფი, ხოლო, როცა მთავარი პოლიტიკური საკითხების განხილვაზე გადავლენ (საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი და რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის აღიარების" გაუქმება?!), მაშინ, ალბათ, უკვე შუამავლების დახმარება დაჭირდებათ, რაც საქართველოს ინტერესებშია!.. მიმაჩნია, რომ აბაშიძე-კარასინის "დუეტის" მთავარი დანიშნულება უნდა იყოს მათ მიერ ივანიშვილი - პუტინის შეხვედრის ორგანიზება უმაღლეს დონეზე! სხვა საკითხების (სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, კულტურულ-ჰუმანიტარული) გადაჭრა, ორი სახელმწიფოს უწყებათაშორისი სამთავრობო დროებითი კომისიის კომპეტენცია უნდა გახდეს, რომელსაც შეიძლება დროებით კოორდინირება გაუწიოს ამ ორმა გამოცდილმა დიპლომატმა.
დღეს, „ნაცმოძრაობის“ პირველი პირები გულზე მჯიღის ცემით „უმტკიცებენ“ დასავლეთს და მცირერიცხოვან გულუბრყვილო თანამემამულეებს, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა არის ერთადერთი მომხრე ევროპული ინტეგრაციის. ხოლო, პრემიერ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური კურსის მერყეობაში ადანაშაულებენ. საქმე ის არის, რომ არჩევნებში დამარცხებული „ნაცმოძრაობა“ თავხედურად მოითხოვს გამარჯვებული „ქართული ოცნებისგან“, რომ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელად შეინარჩუნოს?! ქვეყნის ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავებისას მხოლოდ ერთ მიმართულებაზე უნდა ჩამოყალიბდეს, თუ ყველა მხრიდან მომდინარე საფრთხე და გამოწვევა უნდა გაითვალისწინოს?! განა, სააკაშვილის ავანტიურისტულმა, უგუნურმა ქმედებებმა არ წამოაგო საქართველო რუსეთის მიერ ინსპირირებულ პროვოკაციაზე 2008 წლის აგვისტოში, რასაც შედეგად ქვეყნის 20% ოკუპაცია და მეტიც, ამ რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ მოჰყვა“ რუსეთის მხრიდან?! სააკაშვილს და „ნაცმოძრაობის“ უტიფრობას საზღვარი არა აქვს, ისინი ითხოვენ, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწეროს მათ მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობა, რომელმაც ვერც ნატო-ში გააწევრიანა და ვერც გაამთლიანა საქართველო, პირიქით, უფრო დაამძიმა და დიდი ეჭვის ქვეშ დააყენა ქვეყნის გამთლიანების შესაძლებლობა! სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მეტი მონდომებით ცდილობდა დასავლელი პარტნიორების დარწმუნებას, რომ დაურეგულირებული ურთიერთობები რუსეთთან, ასევე ცხინვალთან და სოხუმთან, არ იქნება წინაღობა ალიანსისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში?! - რას ნიშნავდა ეს? იმას ხომ არა, რომ, თუ სოხუმთან და ცხინვალთან ერთად ვერ გაწევრიანდება საქართველო ნატო-ში, ეს არ არის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის?! ხოლო, თუ მომავალში სოხუმის და ცხინვალის ინტეგრირება ვერ მოხდება დანარჩენ საქართველოში, მაშინ, ამასც „შეეგუება გახარებულილი და განატოებული“ ქართველი ხალხი?!.. ეს გახლავთ, რისკიანი, გაუმართლებელი, ანტიეროვნული პოზიცია, რომელიც შეიცავს დიდ საფრთხეს, რომ საქართველო საბოლოოდ დაკარგავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების პერსპექტივას!..დასავლეთს, რუსეთსა და საქართველოს შორის კომპრომისების და შეთანხმების გარეშე, საქართველოს დეოკუპაციის და გაერთიანების საკითხი არ და ვერ გადაწყდება! თავს ნუ მოვიტყუებთ და გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს დეოკუპაცია და გამთლიანება საერთაშორისო გარანტიების (გარანტორების: გაერო, ევროკავშირი, ეუთო) გარეშე შეუძლებელია! ოსებიც და აფხაზებიც, რომ დაინახავენ "ძლიერთა ამა ქვეყნის" საერთო ნებას საქართველოს საკითხის საბოლოო მოგვარებისათვის, მათთან ჩვენი შიდა დიალოგიც შედეგიანი იქნება!.. ამ ურთულეს გზაზე, მართებული იქნება, თუ რუსეთთან, ასევე აფხაზურ და ოსურ სეპარატისტულ რეჟიმებთან დიალოგის დაწყებას და ურთიერთობების აღდგენას სტატუს-ნეიტრალური მიდგომით დავიწყებთ. პოლიტიკური სტატუსისადმი ნეიტრალურობის შენარჩუნება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მათთან ამ ეტაპზე, -- „ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ ვერ ვთანხმდებით”. სტატუს-ნეიტრალურობა უნდა გახდეს, ახალი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობის, აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის და ნდობის აღდგენის საწყისი წერტილი, თუ გვინდა, რომ პროცესი სწრაფად წარიმართოს..
“ქართული ოცნების“ ყრილობაზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:"..ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს შეთანხმების და არა დაპირისპირების ადგილი, საქართველო ბუნებრივად არის დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციათა და კულტურათა თანხმობის ადგილი, და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ საქართველო პოლიტიკური თანხმობის ადგილიც გახდეს.."! - დიახ, საქართველოს გამოკვეთილი ევროპული ორიენტაციის მიუხედავად, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური ვექტორი, საგარეო კურსი დღევანდელ სიტუაციაში ცალმხრივი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს დეოკუპაციას, გამთლიანებას და უსაფრთხოებას!.. კავკასიის რეგიონისადმი მრავალმხრივი გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს სჭირდება დაბალანსებული საგარეო პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. საქართველო არ უნდა ეცადოს ააგოს თავისი საგარეო პოლიტიკა ბირთვული ზესახელმწიფოების, ამერიკის და რუსეთის გეოსტრატეგიულ დაპირისპირებაზე, პირიქით, საქართველოს ინტერესი უნდა იყოს, რომ მოხდეს შეთანხმება აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხთან მიმართებაში!
აბაშიძე და კარასინი, ჯერ "წითელ ხაზებზე" არ საუბრობენ, მაგრამ, საუბარი უცილობლად მოუწევთ. რაც ადრე დაიწყებენ, მით უკეთესი!.. ამიტომ, აბაშიძის და კარასინის 1 მარტის შეხვედრისას, უკვე უნდა დაიწყოს განსჯა ივანიშვილი-პუტინის უმაღლესი დონის შეხვედრის მომზადების თაობაზე, წელს, ევროპის რომელიმე დედაქალაქში!.. ვითარება ჩიხურია, როგორც საქართველოსთვის ისე რუსეთისთვის, მრავალი მიზეზის გამო (ყველა პრობლემაზე გახსნილად საუბარი მიზანშწონილად არ მიმაჩნია!), და გამოსავალი არ ჩანს, აკი, პუტინმაც თქვა ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე, რომ - "იქნებ ექსპერტებმა მაინც იპოვონ ასეთი გამოსავალიო..". ჩემი აზრით, გამოსავალი ერთია, რომ უნდა მოხდეს "გარღვევა"(!) უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რაც შესაძლებელს გახდის საკითხის „მკვდარი წერტილიდან“ დაძვრას, - რუსეთ-საქართველოს ურთულესი ურთიერთობების ყოვლისმომცველ და სამართლიან დარეგულირებას!..
ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი