პოლიტიკა
კარასინი: „რუსეთ-საქართველოს დიალოგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებს ვერ შეეხება“

1-karasin-politikaa3საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გუშინ, 25 თებერვალს, ქართველი და რუსი პოლიტოლოგების ჯგუფი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების გზებს შეეხო. ამის შესახებ ინფორმაცია რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

კარასინმა, ამიერკავკასიაში არსებული პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, დაადასტურა რუსეთის ინტერესი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით იმ სფეროებში, სადაც ქართული მხარე ამისათვის მზადაა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს დიალოგი სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ დონეზე, ვერაფრით ვერ შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებს. კარასინის თქმით, ამგვარი საკითხების განხილვა მხოლოდ თავად აფხაზებსა და ოსებთან არის შესაძლებელი, ხოლო ყველა სხვა მიდგომა იმთავითვე აზრსმოკლებულია.

ამავე დროს, კარასინმა მოსაუბრეთა ყურადღება მიაპყრო პრეზიდენტ პუტინის მიერ 2013 წლის 12 თებერვალს დამტკიცებულ რფ-ის საგარეო პოლიტიკის კონცეფციებს, რომლებიც განამტკიცებს რესპუბლიკების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დემოკრატიულ სახლემწიფოებად ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო არენაზე მათი პოზიციების გამყარების პრიორიტეტულობას.