აქტუალური
ონიშჩენკომ შესაძლოა, ექსპერტები უკან გაიწვიოს, ანუ ხლესტაკოვს არც კი დაესიზმრებოდა

1-revizoriსაქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. რფ-ის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებების გამო რუსი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში ღვინის საწარმოების ინსპექტირებას ახდენენ, შესაძლოა, მოსკოვში გაიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ონიშჩენკოს თქმით, ექსპერტებს მოსკოვში გაიწვევენ, თუ საქართველოს პრეზიდენტი რუსი ექსპერტების მისამართით  შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს არ შეწყვეტს და მათ ნორმალური სამუშაო პირობები არ ექნებათ. „თუ სიტუაცია არ იქნება ნორმალიზებული, ჩვენ დავაყენებთ საქართველოში რუსი ექსპერტების  საქმიანობის შეჩერების საკითხს. თუ რუსი ექსპერტების შეურაცხყოფა და სხვა ქმედებები არ შეწყდება, საკითხი ჩვენი ექსპერტების ნაადრევად დაბრუნების შესახებ დარჩება ღია “, – განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა „ინტერფაქსთან“ საუბრისას.

ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ გუშინდელ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ჩინოვნიკები რუს ექსპერტებთან „უკანა თათებზე დგომის“ გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თავად ონიშჩენკომ საქართველოს სტუმრობის პატივი არ დასდო, რადგან ქართველებს მუქთახორებად მიიჩნევს.

„ონიშჩენკომ არ დაგვდო პატივი და არ ჩამოვიდა, რადგან ქართველებს მუქთახორებად და უსაქმურებად მიიჩნევს, როგორც თვითონ თქვა, მაგრამ ჩამოვიდა მისი დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ ჩვენი ჩინოვნიკები. ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანკალებული ხელებით უსხამდნენ ღვინოს და თვალებში შესციცინებენ რუს ჩინოვნიკებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს სიტუაცია გოგოლის „რევიზორს“ ახსენებს.

„გამახსენდა გოგოლის „რევიზორი“. არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს, ჯიბეში ჩაუდო ორი „კაპიკი“ და წავა ბედნიერი. თქვენ გგონიათ, მართლა ქიმიკატების გასაზომად არიან ესენი ჩამოსულები?! მართლა გგონიათ, რომ ქართულ ღვინოში რამეა?!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რუსეთში ბავარიული ყველიც იყიდება, მაგრამ რუსეთის სანიტარიული ექიმები ბავარიაში ყველის დამამზადებელ ქარხნებს არ ამოწმებენ.

მაგრამ გოგოლის რევიზორთან ასოციაციები საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც გუშინ თავისი პრეზიდენტის ტელებრიფინგს უყურებდა, მაინც გაუჩნდა – სააკაშვილი გუშინ ორი საათის განმავლობაში ხალისობდა და ცრუობდა ისე, რომ გოგოლის ცნობილ გმირს არც კი დაესიზმრებოდა...