აქტუალური
საქართველოს ეროვნული ბანკი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

1-banki-aqtuaaa1საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველოს ეროვნული ბანკი არ ფლობს ინფორმაციას გუშინ ტელევიზიით დასახელებულ კომერციულ ბანკებს შორის წილის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით“, – ეს განცხადება გუშინ, 27 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პრეზიდენტის იმ განცხადების პასუხად, თითქოს „თი ბი სი“ ბანკისა და „ლიბერთი“ ბანკის წილები რუსეთის „სბერბანკმა“ და „ალფა ბანკმა“ იყიდეს.

„რამდენიმე დღის წინ „ლიბერთი ბანკი“ იყიდა რუსეთის „სბერბანკმა“, ახლა „ალფა ბანკი“, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და კრემლთან მჭიდროდ დაკავშირებული ბანკი ყიდულობს „თი ბი სი“ ბანკს, ნუ, „ქართუ“ ისედაც რუსული ბანკია. ასევე, შემოდის საქართველოში „გაზპრომ ბანკი“, რომელსაც რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა უნდა. ჩვენი ქონების 60-70% ბანკებშია ჩადებული კრედიტების და იპოთეკის სახით. როცა მათ რუსული ბანკები იყიდის, ეს ქონება რუსეთის ხელში აღმოჩნდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა 26 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ეროვნული ბანკისგან აქვს.

აღნიშნული ინფორმაცია იმ დღესვე უარყვეს „თი ბი სი“ და „ლიბერთი“ ბანკებმა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ ბაქოში გამგზავრების წინ განაცხადა, რომ წუხს, „თუ რამე არასწორად თქვა“ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ქართული ბანკი რუსულ ბანკთან ნამდვილად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

„მე ნამდვილად ვიცი, რომ რუსულ ბანკებს აქვთ ინტერესი ქართული ბანკების შეძენის. ნამდვილად ვიცი, რომ ერთ-ერთი ბანკი, რომელიც დავასახელე, აწარმოებდა შერწყმის მოლაპარაკებას ერთ-ერთ მსხვილ რუსულ ბანკთან. ეს ასეა და, ალბათ, ისინი ამას არ უარყოფენ. და თუ არასწორი ბანკები დავასახელე, ეს ნამდვილად ჩემდა უნებურად მომივიდა და ნამდვილად არ მინდოდა, ბანკებისთვის რაიმე პრობლემა შემექმნა“, – აღნიშნა ქვეყნის მეთაურმა.