პოლიტიკა
სააკაშვილი: „მე დაცვა თუ ვინმესგან მჭირდება, – ამ ხალხისგან“

1-misha-pooolitt1საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ბაქოში  ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მობილიზებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ესკორტით სარგებლობაზე უარი განაცხადა, აეროპორტის ტერიტორია ფეხით დატოვა და პრეზიდენტის სასახლეში ელექტრომობილით გაემგზავრა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას დაცვა არ სჭირდება: მე ვთქვი, რომ სულ არ მინდა დაცვა და გადავადგილდები ჩვეულებრივი მანქანით. მეორედ აღარ ამოიღოთ ხმა, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ამ დაცვის კორტეჟებზე. მოიყვანეს უფრო მეტი მანქანა, ვიდრე როდესმე ცხოვრებში მინახავს. მე სრული კატეგორიულობით ვაცხადებ და მინდა, ვუთხრა პრემიერ-მინისტრსაც, ეს არის ხალხის რესურსების ტყუილი ყრა, რაღაც გაურკვეველი პოლიტიკური ცირკებისთვის. რა არის ეს 30 მანქანა, რომელიც აქ არის. რატომ უნდა წამომყვეს, რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? თუ მართლა საქართველოს პრეზიდენტი ხარჯავდა ამდენ რესურსებს, მე, როგორც მოქალაქეს, უფლება მაქვს, რომ არ დამყვებოდეს უკან არავინ. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, როგო მოქალაქის და ადამინის. მე დაცვა თუ ვინმესგან მჭირდება, ამ ხალხისგან. მარტივია, რომ ეს მანქანები დააყენონ გარაჟში, ამისი ბენზინის ფული, რაც ამ მანქანებს სჭირდება, გაჭირვებულებს დაურიგონ“.

თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ მთავრობამ მისთვის დაცვის კორტეჟით ცირკი მოაწყო: ეს არის ცირკი, რასაც ახლა აწყობს საქართველოს მთავრობა. მათ თქვეს ბევრი სიცრუე არჩევნების წინ. ერთ-ერთი სუცრუე იყო ის, რომ ჩვენ მოვიპარეთ მილიარდები და გავფლანგეთ. მეცოდება ეს ხალხი, ვინც ეს დაიჯერა. მთელი ეს თვეები ეძებენ ჩვენ მიერ წაღებულ მილიონებს და ვერაფერი ვერ იპოვეს“.

ცნობისათვის: პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო დაცვით სარგებლობაზე ნათქვამი უარი  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება. თუკი ეს სამსახური ადრე პრეზიდენტის პირად დაქვემდებარებაში შედიოდა, 18 იანვარს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ის მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა. თუმცა კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა გამოეყოს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური, რომელიც პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში გადავა.
„ეს სამსახური გაიყო ორად. ერთი ნაწილი, რომელიც ყველა სხვის დაცვას უზრუნველყოფს, არის მთავრობის დაქვემდებარებაში და, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრმა დანიშნა ხელმძღვანელი; ხოლო მეორე ნაწილი - ეს არის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში და ხელმძღვანელიც მას შეუძლია დანიშნოს და ყველა რიგითი თანამშრომელიც მას შეუძლია შეარჩიოს. რა არის აქ გაუგებარი და სასკანდალო?!“, – განუმარტა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, „ცოტა ხანში უფრო მეტი დისკომფორტი ექნება პრეზიდენტს, რადგანაც ცოტა სხვა წესით მოუწევს ცხოვრება... მთავარია, პრეზიდენტის უსაფრთხოების სტანდარტი არ იყოს მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტზე დაბალი და მთავრობის შეთავაზებაც სწორედ ასეთი იყო“.