პოლიტიკა
პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს?

1-arCeva-politika3საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?“ – ამ კითხვაზე რეფერენდუმის წესით პასუხის მისაღებად საინიციატივო ჯგუფმა საარჩევნო კომისიას მიმართა და საკითხის რეგისტრაციაში გატარების უფლება მოიპოვა. რეფერენდუმის ჩატარების დრო ჯერ უცნობია. ამასთან, თარიღის დანიშვნამდე საინიციატივო ჯგუფმა კანონის პირობები სრულად უნდა დააკმაყოფილოს.

საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, მათ ამისათვის 3 თვე აქვთ და ამ ხნის განმავლობაში 200 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს. დოკუმენტაცია გადაიგზავნება პრეზიდენტთან, რომელიც უშუალოდ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, დანიშნოს თუ არა რეფერენდუმი.

თავის მხრივ, პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის მეთაურის იმ ფორმით არჩევას ემხრობა, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. უმაღლე სკანონში კი 70-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით.

რეფერენდუმის ჩატარებას მხარს არ უჭერს არც ხელისუფლება და არც საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა, მათი პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება.

„მიმაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც რეფერენდუმი არ შეიძლება ჩატარდეს, პლებისციტი კი შესაძლებელია. კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და თუ რეფერენდუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, კონსტიტუციაში ის ვერ შევა. ამიტომ ასეთ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება“, – ამბობს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.