აქტუალური
ქართული საზოგადოების წარმომადგენელთა 2013 წლის 27 თებერვლის კრების მონაწილეთა განცხადება

aktual-1საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ევრაზიის ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილ დღევანდელ კრებაზე განხილულ იქნა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებული რიგი საკითხებისა. განხილვის შედეგად კრების მონაწილე საზოგადოების წარმომადგენლები ვაცხადებთ:

1. მხარს ვუჭერთ  საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს  და პრემიერ-მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს, მიმართულს ვითარების განმუხტვისაკენ:

2. მივესალმებით რუსეთის უმაღლესი ხელისუფალის - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2012 წლის 20 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაცია, პოლიტიკური წინაპირობების წაყენების გარეშე, გზას გაუხსნის ქართულ ი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტებს რუსულ ბაზარზე;

3. ვაფასებთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის  განუხრელ ზრუნვას ორი მართლმადიდებელი ერის - რუსებისა და ქართველების მეგობრობისა და სულიერი ერთიანობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე. მისი უწმინდესობა ბრძანდება ის ადამიანი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ დღეებში უდიდესი როლი შეასრულა სისხლისღვრის შეჩერებაში და ჰუმანიტარული არხების ამუშავებაში. პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად, მისი უწმინდესობა ომის დამთავრების შემდგომ საკმაოდ მალე, 2009 წელს ესტუმრა მოსკოვს, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა რუსი და ქართველი ერების სულიერი ერთიანობის შენარჩუნებაზე, რუსული ეკლესიის მხრიდან საქართველოს საეკლესიო-ტერიტორიული მთლიანობის დადასტურებაზე;

4. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2013 წლის იანვრის მოსკოვურ ვიზიტსა და ამ ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რუსეთის ეკლესიისა და სახელმწიფოს მესვეურებთან. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ვიზიტი უზარმაზარი სტიმულია ორივე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისთვის, დაუღალავად იშრომონ ურთიერთობების აღდგენასა და გაღრმავებაზე.

5. მივესალმებით რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მესაჭის, უწმინდესი პატრიარქის კირილეს პოზიციას საქართველოს მთლიანობასთან დაკავშირებით. ვაცხადებთ, რომ უმთავრესია სიყვარული და ურთიერთგაგება ქრისტესმიერ ძმებსა და დებს, მართლმადიდებელ ერებს შორის. ყველა პოლიტიკური პრობლემა ამ ქრისტიანული სიყვარულით უნდა მოგვარდეს.  უფალი აერთიანებს, სატანა ჰყოფს. ვინც მართლმადიდებლებს შორის ღვარძლს და მტრობას სთესს, იგი ბოროტებას ემსახურება.

6. 2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებაში მთლიანად მხარს ვუჭერთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პოზიციას: ომი არც რუსეთს და არც საქართველოს არ დაუწყია, ომის დაწყება ცალკეული პოლიტიკოსების ნებამ განაპირობა. აგვისტოს ომი უდიდესი ტრაგედიაა როგორც ქართველებისა და ოსების ურთიერთობაში, ისე ქართველებისა და რუსების ურთიერთობაში. მაგრამ ამ ტრაგედიამ უფრო უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთს, რათა მისი მსგავსი მოვლენა მომავალში გამოირიცხოს.

7. მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების დაწყებასა და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების ყველა მცდელობაში, საქართველოს ერთიანობის აღდგენისკენ მშვიდობიანი, აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის გზით, სწრაფვაში. ჩვენს მხრივ, მზადყოფნას ვაცხადებთ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ სამეცნიერო, კულტურულ, ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ და სხვა პროექტებში, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისაკენ იქნება მიმართული.