აქტუალური
რუსულ-ქართული ურთიერთობების თემაზე დისკუსიების დაწყება და შოკირებული „ნაციონალები“

aktual-3საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით საქართველოში სტარტი მიეცა რუსულ-ქართული ურთიერთობების საყოველთაო-სახალხო განხილვას. დასაწყისისათვის თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“, შეიკრიბნენ ქართული ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები, აგრეთვე ახალგაზრდა პოლიტოლოგები. კრებაზე გაცხადებულ იქნა ახალი მთავრობის კურსის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისაკენ, ისევე როგორც, განსაკუთრებული შეფასება მიეცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლს ორ მართლმადიდებელ ერს შორის სულიერი კავშირების შენარჩუნებაში. განცხადების ტექსტი დაურიგდათ კრების მონაწილეებს და საბოლოოდ, ზოგიერთი გამონაკლისისა და სტილისტური შენიშვნების გათვალისწინებით, მოწონებულ იქნა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით.

როგორც გაირკვა, ეს ხელს არ აძლევს „ნაციონალებსა“ და მათ დამქაშებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფლობენ ძირითად სატელევიზიო არხებსა და ბევრ ინტერნეტ-საიტს. ევრაზიის ინსტიტუტის წინააღმდეგ გაჩაღებულ იქნა ცილისმწამებლური კამპანია, ხოლო კრების ცალკეულ მონაწილეებზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო ეთერში, პირველ არხზე 1 მარტს გასული სატელევიზიო შოუ „აქცენტები“ (იხ. ვიდეო)

აგრესიული, თითქმის ისტერიული ტონით, პროგრამის წამყვანი ე.კვესიტაძე - შსს სტრუქტურების ყოფილი „პოლიცაის“ შოთა უტიაშვილის მეუღლე, აშკარად დაბნეული ირმა სოხაძისგან (კრების მონაწილე და რუსულ-ქართული მეგობრობის აღდგენის მომხრე) ითხოვდა სიტყვის „ოკუპაცია“ მრავალგზის გამეორებას და იმის აღიარებას, რომ „პუტინი - ცუდია“. სასაცილო იყო კვესიტაძის ისტერიკის მოსმენა, მაგრამ სიბრალულს იწვევდა ქალბატონი ირმა სოხაძე, რომელიც ასეთ ზეწოლას არ ელოდა და ნერვიულობისგან გამუდმებით ხელებს იფშვნეტდა. და ყოველივე ეს ხდებოდა გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებულ პირველ საზოგადოებრივ არხზე. კარგი კიდევ, რომ აღვირაწყვეტილი „პოლიცაის“ მეუღლე ცოტა მაინც დააშოშმინა კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა.

სტუდიაში წამყვანის მიერ ჩადენილი არაეთიკური საქციელის არსი ქვემოთ მოყვანილ წერილშია ასახული, რომლის ადრესატებიც მითითებულია:

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს -

ბატონ გიორგი გახელაძეს,

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს -

ბატონ გიორგი ბარათაშვილს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს -

ქალბატონ თამარ კორძაიას

წერილი ეხება: ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მიერ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას

თბილისი, 2 მარტი, 2013 წელი

პატივცემულო ბატონებო,

მოგმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 2013 წლის 1 მარტს გასულ გადაცემა „აქცენტებთან“ დაკავშირებით, რომელიც ჩვეულებისამებრ, ქ-ნ ე. კვესიტაძეს მიჰყავდა. გადაცემის წამყვანმა მოახდინა საზოგადოების განზრახ დეზინფორმირება. კერძოდ:

0გადაცემის მსვლელობიდან დაახლოებით 08 წუთიდან და 10 წამიდან მოყოლებული, მან საუბარი დაიწყო ქართული ინტელიგენციის და ახალგაზრდობის შეკრებაზე გავრცელებული შემაჯამებელი განცხადების ტექსტის შესახებ, რომლის შინაარსი და არსი დაამახინჯა, წაკითხული ტექსტიდან ცალკეული ფრაზების ამოღებისა და მანიპულირების გზით.

კვესიტაძე ამბობს, რომ ევრაზიის ინსტიტუტმა გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით თითქოს ასეთი რამ იყოს ნათქვამი:

„ომი არც რუსეთს და არც საქართველოს არ დაუწყია, ომის დაწყება ცალკეული პოლიტიკოსების ნებამ განაპირობა. აგვისტოს ომი უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ ამ ტრაგედიამ უფრო უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთს“.

ამასთან, ქ-ნი ეკა რაღაც მითიურ „სააგენტოებს“ იშველიებს მოწმედ, რომლებმაც თითქოს ასეთი ტექსტი გაავრცელეს, რაც სრული სიცრუეა. ერთადერთი საინფორმაციო წყარო, რომელმაც რეზოლუციის ტექსტიდან ამონარიდები გაავრცელა, ამ მომენტისათვის, როდესაც ეს წერილი იწერება, გახლავთ ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთი“. აღნიშნული გამოცემა სავსებით კორექტულად გადმოსცემს 27 თებერვალს სასტუმრო „ვერე-პალასში“, ინტელიგენციისა და ახალგაზრდობის წარმომადგენელთა შეხვედრაზე გავრცელებული დოკუმენტის ცალკეულ ამონარიდებს, მათ შორის, ზემოთ მოყვანილი დამახინჯებული ციტატი „ნეტგაზეთში“ ასეთი (ანუ სწორი) რედაქციით არის გამოქვეყნებული:

„2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებაში მთლიანად მხარს ვუჭერთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის , ილია მეორის პოზიციას: ომი არც რუსეთს და არც საქართველოს არ დაუწყია, ომის დაწყება ცალკეული პოლიტიკოსების ნებამ განაპირობა. აგვისტოს ომი უდიდესი ტრაგედიაა, როგორც ქართველებისა და ოსების ურთიერთობაში, ისე ქართველებისა და რუსების ურთიერთობაში. ამ ტრაგედიამ უფრო უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთს, რათა მისი მსგავსი მოვლენა მომავალში გამოირიცხოს“.

როგორც ხედავთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა ილია მეორის მოსაზრება ქ-მა ეკამ ევრაზიის ინსტიტუტს „მიაწერა“, გარდა ამისა, ამოიღო მეტად მნიშვნელოვანი ფრაზა იმის თაობაზე, რომ ომი უდიდესი ტრაგედიაა ქართველების ურთიერთობებში ოსებთან და რუსებთან, ხოლო ამ ტრაგედიამ უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთს იმ მიზნით, რომ მსგავსი ტრაგედია მომავალში გამოირიცხოს. ციტატის ამგვარმა შეკვეცამ აზრობრივად დაამახინჯა იგი. ცნობისათვის, რათა ეჭვი არ შეგეპაროთ, აქვე მოვიყვან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადების ციტირებას, რომელიც გამოყენებულია ევრაზიის ინსტიტუტის დოკუმენტში. კერძოდ, პატრიარქმა მოსკოვში მისი ბოლო ვიზიტისას (ამა წლის იანვარი) განაცხადა:

"მე შევხვდი ვლადიმერ პუტინს და შევთანხმდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენ მოძმე სახელმწიფოებად დავრჩეთ", - ბრძანა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მომხდარში "არც საქართველოა დამნაშავე და არც რუსეთი".

"ეს ცალკეული ადამიანების ბრალი იყო. მადლობას ვუხდი ყველა აქ დამსწრე ადამიანს იმისათვის, რომ გიყვართ საქართველო და ჩვენ ამას ვგრძნობთ".

სააგენტო „ივერონის“ 2013 წლის 24 იანვრის ამ ცნობის გადამოწმება რუსულ საიტებზე, ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრიარქოში, შეიძლება. ეს ინფორმაცია უტყუარია და სწორედ მას დაეყრდნო ევრაზიის ინსტიტუტი, რაც ქ-მა კვესიტაძემ ურცხვად დამალა.

აშკარაა, რომ ქ-ნი ეკა სტუდიაში მყოფი ქალბატონი ირმა სოხაძისა და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა დეზინფორმირებას განზრახ ეწეოდა, სხვა ახსნა დოკუმენტიდან ამოღებული ციტატის ამგვარ შეკვეცას არ მოეძებნება. ამით მან ბოროტად გამოიყენა საზოგადოების მიერ დაფინანსებულ ტელეარხზე დაკავებული ადგილი, რაც, შესაძლოა, ყოფილი ხელისუფლების „ანალიტიკოს“ პოლიცმაისტერებთან დაახლოებული პირისთვის საკადრისი საქციელი იყოს, მაგრამ ჟურნალისტისთვის აშკარად მიუღებელი ქმედებაა. ამით ქ-მა ეკამ პირდაპირ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა.

გარდა ამისა, გადაცემაში მრავალჯერ იქნა ნახსენები ჩემს მიერ დაარსებული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტი“. ქ-ნი ეკა ცდილობდა, თავის გემოვნებით შერჩეული რესპონდენტებისგან მიეღო განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა განზრახვა ჰქონდა ჩვენს ინსტიტუტს, როდესაც ინტელიგენციისა და ახალგაზრდობის წევრთა შეკრებას აწყობდა. რა თქმა უნდა, ქ-ნ ეკას თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ ამის შესახებ უშუალოდ ევრაზიის ინსტიტუტისათვის მოემართა შეკითხვით, რომელსაც აქვს იურიდიული და

ფაქტობრივი მისამართი, დარეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სავსებით ღიად ფუნქციონირებს, არ გაურბის ურთიერთობას ჟურნალისტებთან.

ადგილი ჰქონდა ჩვენი ინსტიტუტის რეპუტაციის შელახვის მცდელობას, თითქოს ჩვენ ვიღაცის პოლიტიკურ დაკვეთას ვასრულებთ - ეს „ვიღაც“, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციაა. 2009 წელს დაარსებული ჩვენი ინსტიტუტის სახელწოდებას იხსენიებდნენ ევრაზიის კავშირის კონტექსტში, რომელიც რუკაზე ჯერ საერთოდ არ არსებობს და საქართველოს იქ არც არავინ ეპატიჟება. მაგრამ კვესიტაძე ჯიუტად ცდილობდა, ჩვენი ინსტიტუტი დაეკავშირებინა არარსებულ ევრაზიის კავშირთან. ესეც უფრო სპეცსამსახურების მოძველებული მეთოდია, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისთვის საკადრისი საქციელი. ყველაზე არაობიექტური მასმედიაც კი, ობიექტურობის ფასადის შესანარჩუნებლად, შეეცდებოდა ინფორმაციის მიღებას პირველწყაროსგან - ამ შემთხვევაში, ევრაზიის ინსტიტუტისგან. მაგრამ ქ-ნ კვესიტაძეს იმდენად აშინებს სიმართლე და იმდენად არის გართული სპეცსამსახურებში ყურმოკრული პოლიტ-ტექნოლოგიების ათვისების მცდელობით, რომ მან ასეთი პრიმიტიული ხერხის გამოყენებაც ვერ გაბედა. თუმცა ასეა თუ ისე, მან ამ მხრივაც დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა. აღარაფერს ვამბობ გადაცემაში მის მიერ არჩეულ ისტერიულ ტონზე, ტენდენციურობასა და პრიმიტიულად დასმულ შეკითხვებზე, თუმცა ეს უკვე გემოვნების საკითხია.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესვეურებს მოგმართავთ პატივისცემით, მაგრამ კატეგორიული მოთხოვნით:

წინამდებარე წერილი წაკითხულ იქნას სრულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იმავე გადაცემის ფარგლებში, რომლითაც ჩვენი ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებას ბოროტად გამიზნული დეზინფორმაცია მიეწოდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გენერალურ დირექტორს, ასევე პატივისცემით, მოგმართავთ:

მიეცით შეფასება ე.კვესიტაძის მიერ 1 მარტის გადაცემა „აქცენტებში“ გამოვლენილ მისწრაფებებს და მხარი დაგვიჭირეთ მოთხოვნაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დეზავუირება გაუკეთოს მისივე ეთერით გავრცელებულ ინსინუაციებს.

დანართის სახით გიგზავნით კრებაზე გავრცელებულ დოკუმენტს, რომელიც არ ყოფილა ხელმოსაწერად გამიზნული, არამედ მას შეკრებილი საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სიტყვიერად დაუჭირა მხარი, ცალკეული სტილისტური ხასიათის შენიშვნების გათვალისწინებით.

საუკეთესო სურვილებით,

გულბაათ რცხილაძე -

პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი