სამართალი
„ჩვენ გვინდა გულშემატკივართა და არა პაიჭაძისნაირი ჟურნალისტების გუნდი“

mauwyebeli-samarTaliii1საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 4 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა გიორგი ბარათაშვილი, რომლის გათავისუფლების მიზეზადაც ბორდმა მაუწყებელში შექმნილი კრიზისი დაასახელა. გენდირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გიორგი ბაქრაძე, რომელიც მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში მუშაობდა.

გუშინვე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა ბარათაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით „მე-9 არხისა“ და შემდგომ „მაესტროს“ ეთერში განცხადებები გააკეთა და უნდობლობა გამოუცხადა ბორდს აღნიშნული გადაწყვეტილების გამო.

თანამშრომლების განმარტებით, მაუწყებელში შექმნილი კრიზისი, რასაც სამეურვეო საბჭო ბარათაშვილის გათავისუფლების მიზეზად ასახელებს, ბარათაშვილის შექმნილი არაა.

„კრიზისი რაში მდგომარეობს, გაუგებარია, რომელ კრიზისზეა საუბარი, ვინ შექმნა?! ცხადია, რომ გენერალურ დირექტორს არ შეუქმნია. ჩნდება კითხვა, ხომ არ არის კრიზისის შემცველი და უფრო ღრმა კრიზისში შემყვანი ბორდის გადაწყვეტილება. ხომ არ გამოიწვევს ეს გახლეჩას შიდა გუნდში“, – განაცხადეს თანამშრომლებმა, რომლებმაც, ასევე, უსაყვედურეს ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს, რომელმაც თავისი გადაცემა „დიალოგი“ მაუწყებელში შექმნილ ვითარებას არ მიუძღვნა.

„ჩვენ აღარ გვინდა კრიზისულ ვითარებაში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ გვინდა სიმშვიდე. ჩვენ გვინდა მომავალზე ორიენტირებული გუნდი, გუნდი, რომელიც შედგება გულშემატკივრებისაგან და არა ისეთი  ჟურნალისტებისაგან, რომლებიც  ეთერში არ საუბრობენ ამ პრობლემებზე, კერძოდ, ამ შემთხვევაში მე დავით პაიჭაძე მყავს მხედველობაში. მან თქვა, რომ ეს არ არის საზოგადოებისათვის საინტერესო თემა“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ პროდიუსერმა დოდო შონავამ. მანვე მოუწოდა პარლამენტს, დროულად შევიდეს ცვლილებები მაუწყებლობის კოდექსში და საზოგადოებრივი მაუწყებელი „ჩადგეს ხალხის სამსახურში“, ასევე, „შეიქმნას ისეთი ბორდი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კრიზისზე და მისცემს საშუალებას დირექტორს, განახორციელოს ნორმალური მენეჯმენტი“.

თავის მხრივ, დავით პაიჭაძემ განმარტა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა გადაცემაში საეთერო დროის დათმობის თხოვნით მას გადაცემის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მიმართა, როცა დღის წესრიგის შეცვლა უკვე ძნელია . ამასთან,  მაუწყებელს კანონი ავალდებულებს, მრავალმხრივად და დაბალანსებულად წარმოაჩინოს მხარეთა ინტერესები, რის შესაძლოებლობასაც იგი მოკლებული იყო ბარათაშვილის საქართველოში არყოფნის გამო.

თავად გიორგი ბარათაშვილმა, რომელიც მისი გათავისუფლების მომენტში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მისივე თქმით, სამეურვეო საბჭს გადაწყვეტილების შესახებ მეგობრებისგან ტელეფონით შეიტყო. „ორი თვის დანიშნული დირექტორი საკადრო გადაადგილების გამო გადააყენო, სამართლიანია? ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება“, – ასე გამოეხმაურა სამეურვეო საბჭოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის აწ უკვე ყოფილი დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, რომელმაც ეს განცხადება „პირველი არხის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას გააკეთა და დასძინა, რომ უფრო ვრცელ განცხადებას საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.