აქტუალური
ცისკარიშვილი: "მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების მიხედვით აწყობილი წერილი“

sosoi-aqtuaa2საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ევროპარლამენტის 756-დან 23-მა წევრმა, რომელთა შორის არიან ევროპის სახალხო პარტიის წევრები გუნარ ჰიოკმარკი, კშიშტოფ ლისეკი,  ვიტაუტას ლანდსბერგისი და სხვები, საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართა ღია წერილით „ნუ დაანგრევთ საქართველოს ევროპულ ოცნებას“, სადაც ევროდეპუტატები საქართველოს მთავრობის მეთაურისგან სასამართლოზე, თვითმმართველობის წევრებზე, მედიასა და საპარლმენტო უმცირესობის წარმომადგენლებზე ზეწოლის შეწყვეტას ითხოვენ და აფრთხილებენ, რომ „თუ თქვენი ძალისხმევა გამოიწვევს აშკარა დემოკრატიისგან უკუსვლის გაღრმავებას, საქართველო უკან დაიხევს, როგორც დემოკრატიული ქვეყანა და მას წაერთმევა ევროპული პერსპექტივა. ასეთ შემთხვევაში თქვენ გახდებით ადამიანი, რომელიც საქართველოს ევროპის კარს დაუხურავს“.

საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის აზრით, ზემომოყვანილი გაფრთხილების საფუძველი ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ 5 თვის განმავლობაში დაშვებული შეცდომებია. ამავე დროს, საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ამ ღია წერილის საუკეთესო პასუხია.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ევროდეპუტატთა ჯგუფის ხსენებულ წერილს იმ პროცესის გაგრძელებად მიიჩნევს, რითაც სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების მიხედვით აწყობილი წერილი – ასე შეაფასა ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ივანიშვილისადმი გამოქვეყნებული წერილი.

სწორედ სააკაშვილის გამოსვლების საფუძველზე შედგა ტექსტი, რომელიც აბსოლუტურად არ არის თანხვედრილი იმასთან, რაც დღეს მიიღო პარლამენტმა: „როგორც უნდა ეცადოს, მე ვიტყოდი, არცთუ კეთილსინდისიერი პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც ჩანს ევროპელი სახალხო პარტიის წევრების სახით, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოახერხებენ, შეაზიზღონ ევროპას საქართველო. უმალ ისინი გაქრებიან ევროპული პოლიტიკის სივრციდან, ვიდრე საქართველო შეიცვლის თავის კურსს ევროპისკენ“.