საზოგადოება
სოფელ ვარიანში დღეს ,,იაკობობას’’ აღნიშნავენ

gogebashvilis-saxlmuzeumiიაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელ ვარიანში დღეს მწერლისა და საზოგადო მოღვაწის 170 წლის იუბილეს აღნიშნავენ (იგი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა). ამასთან დაკავშირებით გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმარი მრავლად ეყოლება, სადაც დამთვალიერებლებს საინტერესო ინფორმაციას მიაწვდიან ამ დიდი მამულიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის შეუფასებელ ღვაწლსა და ამაგზე ქართველი ერისადმი.

ნიშანდობლივია, რომ გოგებაშვილმა სიკვდილის წინ მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა. გოგებაშვილი 1912 წლის 14 ივნისს თბილისში გარდაიცვალა.

ზეიმზე შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეები და გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირებს გააცოცხლებენ; მოეწყობა შემოდგომის კუთხეები, სადაც სოფლის ნობათი, რეგიონის ტრადიციები და სხვა სანახაობები იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ სახალხო მთქმელებიც, რომლებიც იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებთან ერთად საკუთარ შემოქმედებასაც წარმოადგენენ.

ამას გარდა, გორის სამხატვრო სკოლის ნორჩი შემოქმედები "დედაენის" ილუსტრაციების თემაზე გამოფენას მოაწყობენ. დღის ბოლოს ადგილობრივი  შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი.