აქტუალური
კანონპროექტი „სამხედრო ვალდებულების შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილეს

1jari-aqtuaa5საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „სამხედრო ვალდებულების შესახებ“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილეს. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცვლილებების მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახური 15-დან 12 თვემდე მცირდება. მანვე განმარტა, რომ წვევამდელებს სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ვადა მიეცემათ.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, გარკვეულწილად ზუსტდება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონში შესაბამისი პუნქტები. „კანონში არ იყო ზუსტად ფორმულირებული სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები და ამ შემთხვევაში ხდება ამ მუხლის უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება, რათა დათხოვნის შემთხვევაში ყველაფერი მოხდეს კანონიერად“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, 2016 წლიდან ჯარი სრულად გადავა საკონტრაქტო სისტემაზე.