აქტუალური
ბესელია: „ვანო მერაბიშვილი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება!“

1-aktual-vanoსაქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ვანო მერაბიშვილი ყველაზე დიდი დამნაშავეა, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებენ და ის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

„ნაცმოძრაობის“ ა.წ. 19 აპრილს დანიშნული აქციის მითი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი თხზავდა და აჯერებდა ხალხს – ძალაუფლებას დავიბრუნებთო, უკვე გაქარწყლებულია. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა და სხვა მრავალმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ ახალი ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

„რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, რომელიც ურცხვად აანონსებს 19 აპრილის აქციას, შემიძლია განვაცხადო, რომ ის ყველაზე დიდი დამნაშავეა! მერაბიშვილის კისერზეა უამრავი დანაშაული! სწორედ მან დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები 7 ნოემბერს, 26 მაისს კი ქართველების სისხლით მორწყო რუსთაველის პროსპექტი, უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდა ვანო მერაბიშვილის პოლიციამ ქუჩაში დაგვიხვრიტა და ეს ადამიანი კიდევ ბედავს და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად საქართველოში არეულობას გეგმავს?! არაფერი გამოუვა ვანო მერაბიშვილს, ის ვერ არევს ვითარებას, სამართალდამცავები ვანო მერაბიშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებენ და ის კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება!“ – წერს ეკა ბესელია „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე.