აქტუალური
კარასინი: „დოკუმენტზე მუშაობა ქართულმა მხარემ კვლავ დაბლოკა“

1-jeneva-akt-6საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე ძალის გამოუყენებლობის დეკლარაციაზე შეთანხმება ვერ შედგა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ჟენევაში გამართუულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული დეკლარაცია რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულებას ვერ ჩაანაცვლებს.

„დასრულდა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი, რომელზეც, ძირითადად, ფორმატით გათვალისწინებული საკითხები იქნა განხილული. პირველ ჯგუფში განვიხილეთ უსაფრთხოების თემები და ძალის არგამოყენების შესახებ დეკლარაცია, რომელიც გახლავთ თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილი, თუმცა ჩვენი პოზიცია არის პრინციპული, რომ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულებას, რაც გაჟღერებულ იქნა ამ შეხვედრაზე“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების 23-ე რაუნდზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ თქვა უარი ძალის გამოუყენებლობაზე. კარასინის თქმით, რუსეთმა შეიმუშავა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი, რომელიც საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის უნდა გაფორმდეს, თუმცა ქართულმ მხარემ ეს დოკუმენტი დაბლოკა.

„საქართველო მოითხოვს რაღაც ცალმხრივ გარანტიას რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა კარასინმა.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 25-26 ივნისს გაიმართება.