საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აშშ-ში სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისში პროფკავშირთა ამერიკული გაერთიანების მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი პეტიციის განხილვას დაესწრება. პეტიციის მომზადების მიზეზი საქართველოში დღემდე მოქმედი შრომის კანონმდებლობა გახდა, რომელიც, პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.
ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ საკითხი ქვეყნისათვის დადებითად გადაწყდება და საქართველო სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით მოსარგებლე ქვეყნის სტატუსს შეინარჩუნებს. ოპტიმიზმის საფუძველს ბარამიძეს შრომის ახალი კოდექსი აძლევს.
„ჩვენი არგუმენტი არის ის ცვლილებები შრომის კოდექსში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და მთავრობამ ინიციატივის სახით წარუდგინა პარლამენტს. ეს არის ძალიან კარგი წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველომ არა მარტო შეინარჩუნოს სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით მოსარგებლე ქვეყნის სტატუსი, არამედ დაიწყოს ახალი ეტაპი აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით“, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ ქართული მხარის არგუმენტები ამერიკისათვის წონადი და დამაჯერებელი აღმოჩნდება.