აქტუალური
ლაფანყურის სპეცოპერაციის სკანდალური დეტალები

1-aktuall-3საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოს პარლამენტს 2012 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ საკითხად მოყვანილია ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს განვითარებული მოვლენები.

შევახსენებთ საქინფორმის მკითხველს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში მათთვის დიდ სიახლეს არაფერი წარმოადგენს - ამ ყველაფერზე საქინფორმი ლაფანყურის ოპერაციის შემდეგ წერდა.

აგრეთვე შევახსენებთ საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის 2012 წლის 7 სექტემბრის ინტერვიუს ქართულ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ „დოშუევი და დანარჩენები დახოცეს იმიტომ, რომ ივანიშვილის მოკვლაზე უარი თქვეს!“, სადაც ის ლოპოტას ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის თავისეულ, აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ჰპირდებოდნენ .. კორიდორს ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას“.

სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩეჩნეთში საომრად გადასვლის იმედით ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში დაახლოებით 120 ჩეჩენი და ჩრდილოკავკასიური წარმოშობის მებრძოლი ჩამოვიდა, რომლებსაც შსს-ს მაღალჩინოსნები აეროპორტში ხვდებოდნენ და დისლოკაციის ან საცხოვრებელ ადგილებზე გადაჰყავდათ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და მათთვის საჭირო ყველა საკითხს აწესრიგებდნენ შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, შსს-ს მაღალჩინოსნები სანდრო ამირიძე და ზურაბ მაისურაძე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურში ე.წ. სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე შევიდა ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი.

ამავე დროს, კონფიდენციალური წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ ჯგუფის შესაძლო გადასვლის აღკვეთის მიზნით, ლაფანყურის სპეცოპერაციის დაწყებამდე ორი დღით ადრე საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს სასაზღვრო და სპეციალური დანიშნულების ძალების რაზმები ვერტმფრენებით გადასხეს. ამის პარალელურად ლაფანყურში დაბანაკებული ჩეჩენი მებრძოლების შეიარაღებული ჯგუფი  შეპირებულ "კორიდორს" ითხოვდა, რაზეც ბოლო მომენტში საქართველოს შსს-მ უარი განაცხადა. დაძაბული ვითარების განმუხტვისა და ჩეჩენ მებრძოლებთან მოლაპარაკების მიზნით შსს-ს თანამშრომლებმა შუამავლებს – ჩეჩნებისთვის ავტორიტეტულ ადამიანებს მიმართეს, რომლებსაც ჩეჩენმა მებრძოლებმა იარაღის ჩაბარებაზე უარი განუცხადეს. უარის შემდეგ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე ჩეჩენი მებრძოლი და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლები.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წყაროს ინფორმაციით, სპეცოპერაციაში მონაწილეობდა ავიაცია. ავიაციამ გაუხსნა ცეცხლი ჯგუფის წევრებს. ბრძოლის შედეგად დაიღუპა შვიდი ჩეჩენი მებრძოლი, რომელთაგან სამი პანკისის ხეობის მცხოვრები იყო. წყაროს ცნობით, ამ ბრძოლას ცოცხლად გადაურჩა 9 ჩეჩენი მებრძოლი, რომლებიც სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებმა ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთში გააცილეს.