პოლიტიკა
NDI: რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს - 26%, საფრთხეს არ წარმოადგენს - 23 %

NDIსაქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 15 აპრილს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 61 პროცენტისთვის სამუშაო ადგილები ნომერ პირველ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. ტერიტორიული მთლიანობა და  ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა,  შესაბამისად - 34 და 32 პროცენტით, მეორე და მესამე ადგილზეა.

რესპონდენტთა 50 პროცენტის თვალსაზრისით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 8 პროცენტს საპირისპირო მოსაზრება აქვს. კითხვაზე, არის თუ არა ახლა საქართველო დემოკრატიული, 43-მა პროცენტმა დადებითად უპასუხა,  38 პროცენტმა კი - უარყოფითად.

გამოკითხულთა 88 პროცენტი  ამბობს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი გზით უნდა აირჩიონ საქართველოს მოქალაქეებმა, რვა პროცენტს კი მიაჩნია, რომ პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას, გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ეს საფრთხე გაზვიადებულია. 26% აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, 23% კი ამ კითხვას უარყოფითად პასუხობს.

მოსახლეობის 76%-თვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას აქვს გაცხადებული კურსი ევროკავშირში ინტეგრაციაზე, 73% ნატოში ინტეგრაციის მომხრეა.

გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილის ინფორმაციის ძირითადი წყარო არის ტელევიზია, სამ ძირითად ტელევიზიას შორის კი პირველ ადგილს საზოგადოებრივი მაუწყებელი იკავებს.

კვლევისას საქართველოს მასშტაბით 3 103 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.