პოლიტიკა
სოსო ჯაჭვლიანი: „გვყავს მკვლელი პრეზიდენტი და მკვლელობის შემსრულებელი ვიცე-პრემიერი ბარამიძე!“

gori-saakashviliსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო. მაშინ მე მიჩნდება კითხვა - ბინძურმა და უნამუსო ადამიანებმა უნდა მართონ ქვეყანა? ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში სურდა, უმცირესობის ერთი წევრისგან მაინც მოესმინა იმ უბედურებების შესახებ, რაც პრეზიდენტმა 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა.

„ყველამ კარგად იცის, რომ გვყავს მკვლელი პრეზიდენტი, რომელმაც გასცა ბრძანება აფრასიძეების ოჯახის განადგურებაზე. შუა ქალაქში დღისით-მზისით პროფესორი გურამ შარაძე დახვრიტეს, დახვრიტეს ასზე მეტი ახალგაზრდა, თვალსა და ხელს შუა მოკლეს ზურაბ ჟვანია. გვყავს ლაჩარი პრეზიდენტი. მსოფლიომ ნახა გორის სამარცხვინო კადრები. გვყავს მსუბუქი ყოფაქცევის პრეზიდენტი, დაწანწალებს მთელ მსოფლიოში და აბეზღებს თავის სამშობლოს. გვყავს მკვლელობის შემსრულებელი, საფლავების შემბილწველი ვიცე-პრემიერი ბარამიძე. ისე ამაყად უსვამდა ირაკლი ღარიბაშვილს კითხვებს და უტევდა, გეგონება, ღარიბაშვილმა ჩაატარა აფრასიძეების სადამსჯელო ოპერაცია სვანეთში.

მე ვიქნები ბედნიერი, თუ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და ქართველი ხალხი აირჩევს ნამდვილ პარლამენტს, მაგრამ პრეზიდენტს ამისი არც თავი და არც ერთი ადგილი აქვს. ის ჩამოყალიბებული შულერი და აფერისტია“, - განაცხადა დეპუტატმა.