პოლიტიკა
ივანიშვილი სოჭის ოლიმპიადას სტუმრის სტატუსით დაესწრება

soCi-mtსაქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. სოჭის ზამთრის ოლიმპიადა-2014-ს სტუმრის სტატუსით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა განუცხადა. მისი თქმით, „წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პრემიერი შესაძლოა, თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწროს“. ხაბელოვი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი სოჭის ოლიპიადის დახურვასაც დაესწრება.

ლერი ხაბელოვის განმარტებით, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2 მაისის რიგგარეშე სესიაზე მიიღო გადაწყვეტილება სოჭის 2014 წლის ზამთრის თამაშებში ქვეყნის მონაწილეობის შესახებ.

"ეს გადაწყვეტილება მიღებულია ოლიმპიური ქარტიის საფუძველზე, საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობისა და ქართული სპორტის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.

სოჭის 2014 წლის ზამთრის თამაშებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სპორტის ოლიმპური სახეობების ფედერაციათა უკლებლივ ყველა ხელმძღვანელმა, რომლებმაც სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოლიმპიური თამაშებისათვის ბოიკოტის გამოცხადება არც სპორტული და არც პოლიტიკური თვალსაზრისით არ იქნება გამართლებული.

უწინ ხაბელოვი აცხადებდა, რომ  ზამთრის ოლიმპიადა 2014-ში მონაწილეობის არ მიღება ზიანს მიაყენებდა მხოლოდ ქართველ სპორტსმენებს, მაგრამ ვერაფრით დააზარალებდა რუსეთს.

„საქართველოს წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას მონაწილეობა არ მიეღო სოჭის ოლიმპიადაში, ახალმა ხელისუფლებამ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კი ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველომ  მიიღოს მონაწილეობა ამ თამაშებში და ამან მხარდაჭერა პოვა საერთაშორისო არენაზე", – განაცხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.

soCi-2