აქტუალური
დავითაშვილი: „არცერთი მკაცრი ოპონენტისგან არ მიმიღია მსგავსი შეურაცხყოფა, რაც ივანიშვილისგან მივიღე!“

1-davitaSviliiსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს „ძალიან სამწუხაროსა და გულსატკენს“ უწოდებს. ამის შესახებ დავითაშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილმა ამ განცხადებებით მის ცხოვრებას „დიდი წითელი ხაზი გადაუსვა“.

„სამწუხარო და გულსატკენი განცხადება გააკეთა პრემიერმა. მან თქვა, რომ  სერგეენკო აკეთებს უფრო მეტს, ვიდრე დავითაშვილს ოდესმე გაუკეთებია“, - აღნიშნა დავითაშვილმა და იქვე განმარტა, რომ სერგეენკო კორუმპირებულობაში არ დაუდანაშაულებია და მხოლოდ იმ კორუფციულ სქემაზე ისაუბრა, რომელიც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნისას შეიქმნა.

„მსგავსი შეურაცხყოფა არცერთი მკაცრი ოპონენტისგან არ მიმიღია. ჩემს ცხოვრებაში იყო საკამათო ეპიზოდები, ამას მუდმივად მახსენებენ და მითითებენ. მაგალითად, „ნავერტილეს“ და იმას, რომ ჟირინოვსკიმ ხელი არ ჩამომართვა, მაგრამ არავის უთქვამს, დავითაშვილს ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიაო“, - აღნიშნა დავითაშვილმა, რომლის თქმითაც, მას ასევე ძალიან წყინს, რომ ივანიშვილისთვის მიხეილ სააკაშვილი დავითაშვილზე სანდო წყაროა.

„მე თავდაცვის მინისტრობაზე უარი ვთქვი არა იმიტომ, რომ შემეშინდა, თავდაცვის მინისტრობა ვითხოვე. ჩემთან სახლში იყო ვანო მერაბიშვილი, მკითხა, რა გინდაო და მე მინდოდა თავდაცვის მინისტრობა; თუ მეშინოდა, უბრალოდ, არ მოვითხოვდი. უარი ვთქვი იმიტომ, რომ მაშინ შემოდიოდა საკონსტიტუციო ცვლილებები და მთელმა საქართველომ იცის, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მივეცი ხმა და გადავედი ოპოზიციაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.