პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები

1-salome-polit-3საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ,,საქართველოს გზის" ლიდერ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომელიც მან ფოთში სტუმრობისას გააკეთა, შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მან თავისი კანდიდატურა წამოაყენოს.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის არჩეული და არა ვინმეს დანიშნული.

,,დღეს უკვე დგება დრო, რომ ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებმა დაამთავროს ერა, ერა, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ დაიწყო და შევარდნაძის შემდეგ გრძელდება. ჩემი აზრით, ახალი პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის არჩეული და არა ვინმეს დანიშნული. ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს არანაირი გუნდის წარმომადგენელი. ერთადერთი გუნდი ვიცი მე, ეს არის საქართველო. ამიტომ ვფიქრობ დამოუკიდებელ კანდიდატურაზე. ჯერ ვფიქრობ და ამ ნაბიჯის გადადგმისთვის მჭირდება ხალხის მხარდაჭერა, რეალური მხარდაჭერა. თუ ეს მხარდაჭერა მომავალ კვირებში ჩემთვის იქნება გასაგები და ყველასაგან მისაღები, მაშინ გადავდგამ ამ ნაბიჯს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურებს წამოაყენებენ აგრეთვე „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის“ დამფუძნებელი ნესტან კირთაძე და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი წარმოადგინა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი თავის არჩევანს ამ დღეებში გააკეთებს. სავარაუდოდ, მათი კანდიდატი პარლამენტარი გიორგი ბარამიძე იქნება.