სამართალი
პრემიერი ივანიშვილი: „რომ არა რუსეთისადმი წინა ხელისუფლების გამძაფრებული რიტორიკა, საქართველო დღეს ნატო-ს წევრი უნდა ყოფილიყო!“

1-BIDZ-4საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. დღეს, დილის 11 საათზე, Expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ხომ არ აქვს ახალ ხელისუფლებას რუსეთთან კომპრომისული ფორმულა იმისთვის, რომ ნატოში საქართველოს გაწევრებას ხელი არ შეუშალოს, პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთანაც დაალაგებს ურთიერთობებს და ნატოს წევრიც გახდება.

„არ უნდა შევხედოთ აგრესიულად იმას, რომ რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. ასეთი დამოკიდებულება რუსეთს ჰქონდა ბევრი ქვეყნის მიმართ, მათ შორის ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის და ა.შ. ის, რომ რუსეთის დამოკიდებულება ასეთი არ იყოს, იქნებოდა იდეალური, მაგრამ რადგან ნატოში შესვლა მოახერხეს სხვებმა, რატომ არ შეიძლება ჩვენც მოვახერხოთ – ეს არის ჩვენი ვალი და მე არ მიმაჩნია ეს წარმოუდგენლად", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "წინა ხელისუფლების შეცდომის შედეგია, თორემ ნატოს წევრი უკვე ვიქნებოდით. რომ არა რუსეთისადმი მისი გამძაფრებული რიტორიკა, პიონერული და კომკავშირული გამოხტომები, საქართველო დღეს ნატოს წევრი უნდა ყოფილიყო და რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობები გვქონოდა. ჩვენ აღარ დავუშვებთ შეცდომებს".