პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „სად მიდის ეს კაცი, ვისთან მიდის და რა ჩამოაქვს?“

misha-mtavსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. უმრავლესობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს. პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრო ბარნოვს მიმართავს მოთხოვნით, „მოწვეული იქნეს საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა და ბატონმა პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს წევრებს მოახსენოს, რა საგარეო მიზნებს ემსახურება მისი ეს ვიზიტები“.

უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ქუცნაშვილს განუმარტა, რომ პრეზიდენტს კანონმდებლობით ენიჭება უფლება, მაქსიმალურად იყოს ჩართული ქვეყნის საგარეო საქმეებში, ხოლო რაც შეეხება უმრავლესობის მიერ დასმულ კითხვებს, „დაგეგმილია, რომ პრეზიდენტი მოვა პარლამენტში და შეგიძლიათ ეს კითხვები მას დაუსვათ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

თავის მხრივ, სააკაშვილი მთავრობას საგარეო პოლიტიკას უწუნებს და განმარტავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისგან საქართველოს ვაკუუმში მოქცევა მხოლოდ პუტინის მთავრობის ინტერესებში შედის. „პრემიერ-მინისტრი იმაზე კი არ უნდა ნევიულობდეს, პრეზიდენტი რატომ დადის, უფრო იმაზე უნდა ინერვიულოს, რომ თვითონ იაროს ასევე“, - განაცხადა მან.

ბიძინა ივანიშვილი კი ქვეყნის პირველი პირის ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყანაში არაგადამწყვეტს უწოდებს. „წინა ხელისუფლება ახერხებდა, ევროპასა და ამერიკასთან ანგარიშვალდებული ყოფილიყო და ყველაფერი სააკაშვილის ვიზიტებზე იყო აგებული. არცერთ ქვეყანაში ვიზიტის პრობლემა მე არ მაქვს, მათ შორის, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამათ საზოგადოება მიაჩვიეს, რომ ევროპაში და ამერიკაში ვიზიტებზე იყო დამოკიდებული ჩვენი ბედი - არა, ეს ასე არ არის, ჩვენს ბედს ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ. აი, ჩავიდა სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერე რა? ახლა კიდევ მიდის, ხუთ თუ ექვს ქვეყანაში მიდის და, სხვათა შორის, მე ვსვამ კითხვას: უნდა იცოდეს საზოგადოებამ, სად მიდის ეს კაცი, ვისთან მიდის და რა ჩამოაქვს?", - განაცხადა პრემიერმა ახლახან გამართულ პრესკონფერენციაზე.

misha-1 misha-2
misha-3 misha-4