სამართალი
თაქთაქიშვილი: „ამ კანონში ცვლილებების მიღებით ხელისუფლება გზას გაუხსნის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების პროცესს“

okupaciaსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა და მისი კენჭისყრაზე დაყენება სესიაზე ისევ ვერ მოესწრო, რის გამოც დღევანდელ სხდომაზე პარლამენტი ამ საკითხს კვლავ მიუბრუნდება. მმართველი გუნდი საპარლამენტო უმცირესობას დროის გაჭიანურებისთვის აკრიტიკებს. ოპოზიციის წევრები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ კანონის მიღებას გამიზნულად უშლიან ხელს პროცედურული მეთოდებით.

ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა კვლავაც გააგრძელებს მუშაობას ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ „ამ კანონში ცვლილების მიღებით ისინი გზას გაუხსნიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების პროცესს. ეს პროცესი არ უნდა იყოს პოლიტიკურად განსხვავებული ხედვების საგანი, იმიტომ რომ შეუძლებელია საქართველოში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც არ ადარდებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“.

უმცირესობის წევრი ზურაბ ლონდარიძის შეფასებით, „სახელმწიფო საზღვარი არის ხელშეუხებელი და საქართველოს სუვერენიტეტის განმსაზღვრელი და ამ მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯი პოლიტიკურად წამგებიანია როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში“.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინე იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ დღეს ამ კანონპროექტის განხილვა საბოლოოდ დასრულდება და კენჭს უყრიან ოკუპაციის შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს, რომლებიც უკვე მესამე კვირაა განხილვის საგანია.