სამართალი
მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება

vano-merabishviliსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, გუშინ საქართველოს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ექს-მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს.

პროკურატურის გუშინდელი განცხადებით, კიდევ ორ საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად დასრულებულია. პირველი ეპიზოდი შეეხება 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დროს მერაბიშვილის უშუალო დავალებით პოლიციის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის განზრახ გამოყენებას, რის შედეგად გარდაიცვალა 2 და დაზარალდა მრავალი ადამიანი; მეორე ეპიზოდი კი უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, რომლის დეტალური გამოძიებით სრული სიზუსტით დადგენილია მასში მონაწილე ყველა პირი, დანაშაულის რეალური მოტივი, მისი ორგანიზატორები და შემსრულებლები.

„შეგროვებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მეუღლის თამარ (თაკო) სალაყაიას, აგრეთვე, სხვა მასთან დაახლოებული პირების მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით, უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია ასევე, რომ უახლოეს პერიოდში ვანო მერაბიშვილს აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი ბრალდება წარედგინება.

გავრცელებული ცნობებით, „ნაცმოძრაობის“ გენმდივანს ბრალი დაუმძიმდება, რის შესახებაც ოფიციალურ განცხადებას შესაბამისი ორგანოები, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გააკეთებენ.