სამართალი
მერაბიშვილის სახლიდან 54 000 ევრო, 33 000 დოლარი და 29 000 ლარი ამოიღეს

Cxrekaსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, გუშინ მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ექს-მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა.

გუშინვე დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში - პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინაში, რომელიც მომღერალ ნინო ჩხეიძეს ეკუთვნის და სადაც მერაბიშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, ასევე შინდისში, ჭიაბერაშვილის სახლში, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა.

ჩხრეკის შედეგად მერაბიშვილის სახლიდან სამართალდამცველებმა 54 000 ევრო, 33 000 ამერიკული დოლარი და 29 000 ლარი ამოიღეს, ასევე ამოღებულია კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები.  მერაბიშვილის ადვოკატ გოგიტა გაბაიძის თქმით, ბინიდან ამოღებულია ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას დედის კუთვნილი 54 000 ევრო, რომელიც სახლში სალაყაიას ბინის გაყიდვის შემდეგ ინახებოდა. ადვოკატის განმარტებით, ამ თანხის შესახებ დოკუმენტაციას იგი პროკურატურას მიაწვდის.

გაბაიძის განმარტებით, ამოღებულია ყოფილი პრემიერისა და მისი მეუღლის კუთვნილი დანაზოგიც - 33 000 ამერიკული დოლარი და 29 000 ლარი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლიდან გამოძიებამ კომპიუტერები და საბუთები ამოიღო.