ეს ის სპეცრაზმელები არიან, რომლებიც ბრალდების მხარემ მოწმეებად წარადგინა და აღნიშნა, რომ შს მინისტრობის დროს ახალაიამ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ფიზიკური დაზიანებების გამო რეაბილიტაციის კურსის გავლისათვის შსს-მ 10 000 ლარი ჩაურიცხა და ექიმებთან ერთად გაუშვა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. სინამდვილეში მკურნალობის კურსს არ გადიოდნენ და სასტუმროში ისვენებდნენ, მეუღლეებთან და ექიმებთან ერთად.
ერთ-ერთ ფოტოზე სპეცრაზმელ მამუკა ჟვანიას, რომელსაც, მისი და ბრალდების მხარის მტკიცებით, ახალაიამ ნეკნი გაუტეხა, მეუღლე ხელში ჰყავს აყვანილი. ახალაიას დამცველები ამტკიცებენ, რომ ამ საქმის უკან დგას ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი, რომელმაც სპეცრაზმელები დასასვენებლად გაუშვა, 10 ათასი ლარი ჩაურიცხა და ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულა.