პოლიტიკა
ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო საქართველოს რიჩარდ ნორლანდმა, ჯეიმს აპატურაიმ, ალექსანდრე ვერშბოუმ და ფილიპ მარკ ბრიდლავმა მიუსამძიმრეს

richard-norlandსაქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო საქართველოსა და ქართველ ხალხს მიუსამძიმრეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.

"ძალიან დამამწუხრა დღეს ავღანეთში შვიდი მამაცი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვამ. ჩემი ქვეყნის სახელით გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, აგრეთვე ქართველ ხალხსა და სახელმწიფოს. ამ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ, რადგან ისინი ძლიერები არიან; იბრძვიან თავდაუზოგადავად და უშიშრად, ყველა ქართველისათვის დამახასიათებელი სიმამაცითა და გმირობით; იბრძვიან ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის ჯარის მხარდამხარ, როგორც მათი ტოლ-სწორნი, მეგობრები და ძმები; იბრძვიან ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად, - ნათქვამია აშშ-ის ელჩის სამძიმრის წერილში.

ღრმა მწუხარებით ვუცხადებ თანაგრძნობას ქართველ ხალხს იმ დანაკარგისთვის, რომელიც დღეს განიცადეს. საშინელებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ეს ხდება ამასწინანდელი მსხვერპლიდან ცოტა ხანში. სრულ სოლიდარობას გიცხადებთ ნატოსგან", - წერს ჯეიმს აპატურაი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

ასევე, სატელეფონო საუბარში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას სამძიმარი გამოუცხადეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ,  ჯეიმს აპატურაიმ და ევროპის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ფილიპ მარკ ბრიდლავმა, რომლებმაც ღრმა მწუხარება გამოთქვეს მომხდარი ტრაგედიის გამო და 7 ქართველი დაღუპული გმირის ოჯახებს მიუსამძიმრეს.