სამართალი
კახა კახიშვილი: „ვიდეოჩანაწერების განადგურება არ შეიძლება მანამდე, სანამ დანაშაულში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება“

1-kaxa-kaxishviliსაქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. როდის ან რა ფორმით განადგურდება პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერები - ამ საკითხზე მომუშავე კომისიის მორიგი შეხვედრა შსს-ში მიმდინარეობს. კომისიის ნაწილი მიიჩნევს, რომ მასალა მთლიანად უნდა იქნეს ლიკვიდირებული. ნაწილის თქმით კი, კონკრეტულ პირთა პასუხისგებაში მიცემამდე ამ ვიდეოების, როგორც მტკიცებულებების, განადგურება არ შეიძლება.

კომისიის წევრები: გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების განადგურების მომხრე არიან.

„პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები სასწრფოდ უნდა განადგურდეს და ჩვენი შეთანხმებით, ეს მოხდება კვირას 15 საათზე", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

მივიღეთ გადაწყვეტილება, ვთქვით სიტყვა, დავდეთ პირობა, ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვრჩებით. თუ ვინმე შეცვლის თავის აზრს, ეს მისი პრობლემაა, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

განსხვავებულ პოზიციაზეა არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ვიდეოჩანაწერების „განადგურება არ შეიძლება მანამ, სანამ არ დადგება პასუხისგების საკითხი იმ ხალხის, ვინც აკეთებდა  და მონაწილეობდა ამ დანაშაულში. არ უნდა განადგურდეს იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ეს არის მტკიცებულება მათი დანაშაულებრივი საქმიანობის“.

შეხვედრას ესწრებიან შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სამოქალაქო სექტორის 3 წარმომადგენელი.